Thumbnail

ნახეთ: SpaceX-ის რაკეტის მე-100 წარმატებულ გაშვებას კომპანიამ ვიდეო მიუძღვნა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთაფრიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის SpaceX მიერ შექმნილმა რაკეტამ Falcon 9 პროექტ Starlink-ის ფარგლებში 24 ოქტომბერს დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რაც აპარატისთვის მე-100 წარმატებული ფრენა იყო. ამ ფაქტის აღსანიშნად, კოსმოსური ხომალდების უმსხვილესმა მწარმოებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ასივე გაშვებისას გადაღებული შთამბეჭდავი კადრების ნახვაა შესაძლებელი.

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან აფრინდა და ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედს კიდევ ათობით ზონდი შემატა. მისი პირველი, მრავალჯერადი გამოყენების საფეხური კი, რომელსაც უკვე ორ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გაშვებიდან 9 წუთში ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

 

ზემოხსენებული 100 მისიიდან 95 სწორედ რაკეტით Falcon 9 შესრულდა, ორი, მათ შორის, 2008 წლის სექტემბერში განხორციელებული სადებიუტო ფრენა, Falcon 1-ით, დანარჩენი სამი კი - Falcon Heavy-ით. ბოლო 12 წლის განმავლობაში SpaceX-ის საფრენი აპარატების პირველი საფეხური დედამიწაზე ჯამში 63-ჯერ დაბრუნდა, მათი ხელახალი გამოყენება კი კომპანიამ 45-ჯერ შეძლო. მსგავსი წარმატების მიუხედავად, რამდენიმე მცდელობა კრახითაც დასრულდა, თუმცა სპეციალისტებმა ხარვეზები გამოასწორეს, რის შედეგადაც უკანასკნელ ოთხ წელიწადში რაკეტების გაშვებისას მნიშვნელოვანი პრობლემა არ დაფიქსირებულა.

ილონ მასკი: კოსმოსური ხომალდი Starship მარსზე 2024 წელს გაფრინდება

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია ამჟამად Starship-ის სახელით ცნობილი ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში მყოფ აპარატებზე პატარაა და მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.

მოცემული დროისთვის სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ხომალდის ორი პროტოტიპი SN5 და SN6 ტესტირების დროს 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები