Thumbnail

SpaceX-მა Starlink-ის ინტერნეტის ღირებულება დაასახელა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანიამ SpaceX, რომლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი, ილონ მასკია, Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ღირებულება დაასახელა. CNBC-ს ინფორმაციით, რომელსაც მედია კომპანიის მიერ პოტენციური მომხმარებლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებზე დაყრდნობით ავრცელებს, მომსახურებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური 99 აშშ დოლარი იქნება.

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

SpaceX-ის შეთავაზება სერვისის ბეტა ვერსიის ტესტირებაში მონაწილეობას ითვალისწინებს, რომელიც კანადის სამხრეთ პროვინციებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ხორციელდება. დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებმა კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ, რომელშიც საკონტაქტო ინფორმაციასა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს მიუთითებენ.

ასე გამოიყურება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები ღამის ცაზე.

აღსანიშნავია, რომ Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობის მსურველებს სხვადასხვა მოწყობილობის, მათ შორის სატელიტური მიმღებისა და ვაიფაი როუტერის შეძენაც მოუწევთ, რომელთა საერთო ღირებულება 499 აშშ დოლარს შეადგენს. SpaceX-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ქსელი მონაცემთა გადაცემას წამში 50 მეგაბიტიდან 150 მეგაბიტამდე სიჩქარით უზრუნველყოფს.

კომპანია SpaceX პენტაგონისთვის ხელოვნურ თანამგზავრებს დაამზადებს

24 ოქტომბერს ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილმა რაკეტამ Falcon 9 პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რის შედეგადაც მათმა რაოდენობამ იქ 800-ს გადააჭარბა. ეს უკვე საკმარისია სერვისის ბეტა ვერსიით სარგებლობისთვის. SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ, რის შემდეგაც ქსელში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები