Thumbnail

ნახეთ: ელვის მსგავსი ფენომენი იუპიტერის ატმოსფეროში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კოსმოსურმა ხომალდმა "ჯუნო" იუპიტერზე დაკვირვებისას მის ატმოსფეროში ელვის მსგავსი ფენომენი დააფიქსირა. მეცნიერთა ვარაუდით, ზონდის მიერ გადაღებული შთამბეჭდავი მოვლენა სპრაიტის სახელით ცნობილი ხანმოკლე ელექტრული განმუხტვა ან იმავე მახასიათებლების მქონე მანათობელი დისკია, რომელსაც აკრონიმით "ელფები" მოიხსენიებენ.

► ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა იუპიტერის ახალი სურათი გადაიღო

დედამიწაზე ორივე მათგანი ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება და აზოტთან ურთიერთქმედების გამო მოწითალო ფერისაა, თუმცა, რადგან იუპიტერის ატმოსფეროში წყალბადი ჭარბობს, იქ სპრაიტები და ელფები, შესაძლოა, ლურჯი ან ვარდისფერი იყოს. სპეციალისტებმა "ჯუნოს" მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზისას ციური სხეულის ღრუბლებიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით სულ 11 მსგავსი ნათება შენიშნეს, რომელთა ხანგრძლივობაც რამდენიმე მილიწამს არ აღემატებოდა.

იუპიტერის ატმოსფეროში დაფიქსირებული ნათება

სურათზე ყვითელ რგოლში კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოს" მიერ იუპიტერის ატმოსფეროში დაფიქსირებული ელვის მსგავსი ფენომენია ნაჩვენები. 
ფოტო: NASA

იუპიტერის ატმოსფეროში დაფიქსირებული ნათება

სავარაუდოდ, ასე გამოიყურება იუპიტერის ატმოსფეროში წარმოქმნილი ხანმოკლე ელექტრული განმუხტვა, რომელიც სპრაიტის სახელითაა ცნობილი. 
ფოტო: NASA

მედუზის ფორმის სპრაიტების წარმოქმნას ელვის თანმდევი ელექტროსტატიკური ველი უწყობს ხელს. ისინი 24-დან 48 კილომეტრამდე მანძილზე არიან გადაჭიმული და ცენტრალური მანათობელი ჰალოსგან და იქიდან ჩამოშლილი გრძელი წითელი კლაკნილებისგან შედგებიან. რაც შეეხება ელფებს, მათ ჩამოყალიბებას მეხის დაცემისას მაღლა ატყორცნილი ელექტრომაგნიტური იმპულსები განაპირობებს, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენაში 320 კილომეტრამდე გარშემოწერილობის მქონე ბრტყელი დისკები ჩნდება.

► ციკლონები იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე

აღსანიშნავია, რომ მკვლევრები სხვა ციურ სხეულებზე, მათ შორის იუპიტერზე, ზემოხსენებული ფენომენების არსებობაზე წლების განმავლობაში საუბრობდნენ, მაგრამ დღემდე ამის დამადასტურებელი საბუთი არ მოგვეპოვებოდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენის წყალობით ჩვენი მზის სისტემის უდიდეს პლანეტაზე მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები