Thumbnail

სიცილიის ამ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდან შეძლებთ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიაში, კუნძულ სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სალემის ხელისუფლებამ იქ არსებული ათობით მიტოვებული საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანა გადაწყვიტა. მათი საწყისი ფასი სულ რაღაც 1 ევრო იქნება. დაინტერესებული პირები გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ.

ამ იტალიურ სოფელში დასახლებისთვის 8,000 ევროს გადაგიხდიან

სალემიში საცხოვრებელი სახლების სიმბოლურ ფასად გაყიდვა ჯერ კიდევ 2008 წელს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ პროექტის განხორციელება გადაიდო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უძრავი ქონების აუქციონზე გატანამდე ქალაქის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა, რაც მის ინფრასტრუქტურულ განახლებას, გზებისა თუ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებდა.

"ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. ჩვენ არა მხოლოდ ჩამოშლის საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილები გავამაგრეთ, არამედ ბევრი შენობა აღვადგინეთ და საცხოვრებლად ვარგისად ვაქციეთ", - განაცხადა ქალაქის მერმა, დომენიკო ვენუტიმ.

კუნძულ სიცილიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სალემი. 

უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველებს მის სანახავად ქალაქში ჩასვლა არ მოუწევთ. სასურველი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებას ისინი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათების საშუალებით შეძლებენ, მის ადგილმდებარეობას კი რუკაზე ნახავენ. საკუთრების შეძენის მსურველებს სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება და პროექტის წარდგენა ევალებათ, რომელშიც უძრავი ქონების რეკონსტრუქციის დეტალური გეგმა იქნება მოცემული.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს ერთდროულად აუქციონზე გატანილი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის შეძენა შეეძლებათ. თითოეულის ყიდვის შემთხვევაში ახალმა მესაკუთრემ 3 ათასი ევროს ოდენობის თანხა უნდა გადაიხადოს, რომელიც მას იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში წინასწარ წარდგენილ პროექტს განახორციელებს.

ნახეთ: ამ იტალიურ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

საცხოვრებელი სახლების ასეთ დაბალ ფასად გაყიდვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისგან დაცლილი ქალაქის გადარჩენის მიზნით გადაწყვიტა. 1968 წელს კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად სალემიში უამრავი შენობა დაზიანდა, სტიქიური უბედურების შემდეგ კი საცხოვრებელი ადგილი 4 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ახალი პროექტის მიზანი სწორედ ამ მიტოვებული სახლების აღდგენა და ქალაქისთვის სიცოცხლის დაბრუნებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები