Thumbnail

ნახეთ: NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

NASA-ს პროგრამის Explorers ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ტელესკოპმა TESS ჩვენგან 102 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც დედამიწის ზომისაა და საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ისეთ ზონაში მოძრაობს, სადაც, შესაძლოა, წყალი თხევადი სახით არსებობდეს. ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში The Astrophysical Journal ახლახან გამოქვეყნებული სამი სხვადასხვა ნაშრომი სწორედ აღნიშნული ციური სხეულის სავარაუდო მახასიათებლებს ეძღვნება.

ნახეთ: მეცნიერებმა დედამიწასთან ახლოს მდებარე ეგზოპლანეტის ფოტოსურათი მოიპოვეს

ტელესკოპის მეშვეობით მოპოვებული მონაცემების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოქროს თევზის თანავარსკვლავედში მდებარე ეგზოპლანეტა, სახელად TOI-700 d, ერთ-ერთია იმ სამი ობიექტიდან, რომელიც წითელი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ზემოხსენებული ციური სხეული დედამიწაზე მხოლოდ 20 პროცენტით დიდი და 2.1-ჯერ მასიურია, საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას 37.42 დღეს ანდომებს და მნათობისგან იმ ენერგიის 86 პროცენტს იღებს, რასაც ჩვენი პლანეტა მზისგან.

სურათზე ეგზოპლანეტის TOI-700 d ორბიტაა ნაჩვენები, რომელიც სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობს. ფოტო: NASA 

ერთ-ერთი კვლევის ავტორები, ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტის ვარსკვლავთან ხელსაყრელი მდებარეობის გამო, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მას ატმოსფერო ჰქონდეს, რომელიც ციურ სხეულს კოსმოსიდან მომავალი რადიაციისგან იცავს. ეს პლანეტის ზედაპირზე წყლის არსებობის შემთხვევაში, მის თხევადი სახით შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. სპეციალისტთა მიერ ნავარაუდები მახასიათებლების მიხედვით, TOI-700 d-ზე, შესაძლოა, ყველანაირი საჭირო პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა იქ ცხოვრება შეძლონ.

მეცნიერებმა დედამიწაზე უკეთესი პირობების მქონე 24 ეგზოპლანეტა გამოავლინეს

მეცნიერთა განცხადებით, ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად სათანადო ტექნოლოგია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. ჩვენსა და TOI-700 d-ს შორის არსებული დიდი მანძილის გამო, თანამედროვე ტელესკოპების მეშვეობით საკმარისად მკაფიო სურათების გადაღება და ეგზოპლანეტის დეტალური შესწავლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ნაშრომთა ავტორები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში ამ დაბრკოლებასაც გადავლახავთ და ჩვენთვის საინტერესო ციური სხეულების შესახებ მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები