Thumbnail

გერმანიასა და დანიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბს გაიყვანენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანიასა და დანიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელ, 18-კილომეტრიან, ავტომობილებისა და მატარებლებისთვის განკუთვნილ წყალქვეშა გვირაბს გაიყვანენ, რომელსაც სპეციალისტები ჯერ კიდევ 2008 წლიდან აგეგმარებდნენ. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2021 წლიდან დაიწყება, დასრულება კი 2029 წელსაა ნავარაუდევი.

ნახეთ: ისრაელში აგებენ გზას, რომელიც ელექტრომობილებს უსადენოდ დამუხტავს

ფემარნბელტის სახელით ცნობილი გვირაბი, რომელიც ბალტიის ზღვაში 40 მეტრის სიღრმეზე უნდა გავიდეს, ერთმანეთთან გერმანიის კუნძულ ფემარნსა და დანიის კუნძულ ლოლანს დააკავშირებს. ახალი გზის საშუალებით ორ გეოგრაფიულ ობიექტს შორის გადაადგილება მატარებლით 7, ხოლო ავტომობილით 10 წუთში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კუნძულებზე მიმოსვლისთვის ბორანს იყენებს, რომლითაც ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მოსახვედრად 45 წუთი მგზავრობაა საჭირო.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი ერთმანეთთან გერმანიის კუნძულ ფემარნსა და დაანიის კუნძულ ლოლანს დააკავშირებს.

2021 წლის ზაფხულიდან დანიაში ამუშავდება ქარხანა, რომელიც წყალქვეშ განსათავსებელ კონსტრუქციებს დაამზადებს. სწორედ იქ ჩამოასხამენ ბეტონის 89 სექციას, რომლითაც მოგვიანებით გვირაბი აიწყობა. 73 ათასი ტონა წონის მქონე მონაკვეთების სიგრძე 217, სიგანე 42, სიმაღლე კი 9 მეტრი იქნება.

სინგაპურის ავიახაზები მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ ფრენებს განახორციელებს

გვირაბში ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ორი სავალი ნაწილი მოეწყობა, რომლებზეც მოძრაობა 110 კმ/სთ სიჩქარით იქნება ნებადართული. ორ სარკინიგზო ლიანდაგზე კი მატარებლები 200 კმ/სთ სიჩქარით ივლიან. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში ჯამში 8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, მშენებლობაში მონაწილეობას კი დაახლოებით 2,500 ადამიანი მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები