Thumbnail

ილონ მასკი მარსზე საკუთარ კანონებს შექმნის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია SpaceX, რომლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი ილონ მასკია, პლანეტა მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება. ამის შესახებ კოსმოსური ხომალდების უმსხვილეს მწარმოებელს Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსიით სარგებლობის პირობების ერთ-ერთ პუნქტში აქვს მითითებული.

"მარსზე ან Starship-ისა თუ სხვა კოსმოსური ხომალდის საშუალებით ამ პლანეტისკენ მგზავრობის დროს გაწეული მომსახურებისას მხარეები აღიარებენ, რომ მარსი თავისუფალი პლანეტაა და დედამიწაზე მოქმედი ხელისუფლებების იურისდიქცია იქ განხორციელებულ აქტივობებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ყველა დავა გადაწყდება თვითმმართველობის პრინციპების მიხედვით, რომლებიც მარსის კოლონიზაციის დროს დადგინდება", - ვკითხულობთ მომსახურების პირობების ჩამონათვალში.

ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო

აღსანიშნავია ისიც, რომ Starlink-ის მომსახურებით დედამიწაზე ან მთვარეზე მყოფი მომხმარებლების უზრუნველყოფის შემთხვევებში, სადავო საკითხები კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

ილუსტრაციაზე პლანეტა მარსზე განლაგებული SpaceX-ის კოსმოსური ხომალდების Starship წყებაა ნაჩვენები. ფოტო: HumanMars

ილონ მასკმა წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა მცირე დროის წინ გააჟღერა. მან მარსის კოლონიზაციის საჭიროება დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. SpaceX-ის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ სხვა ციურ სხეულზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს.

სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენის კომპანია მარსის გარშემო დედამიწის ორბიტაზე მოძრავი Starlink-ის სატელიტების მსგავსი ქსელის შექმნასაც გეგმავს. ხელოვნური თანამგზავრების იქ განლაგების აუცილებლობას SpaceX-ის წარმომადგენლები სწორედ ზემოხსენებული კოლონიის მშენებლობას უკავშირებენ. წითელ პლანეტაზე დასახლების შემდეგ, ადამიანებს კომუნიკაციასა და მონაცემთა გაცვლაში სწორედ მსგავსი სისტემა დაეხმარება.

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

მარსის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გაყვანამდე, ილონ მასკის კომპანია Starlink-ის სატელიტების თანავარსკვლავედის შექმნას დედამიწის ორბიტაზე ცდილობს. მისი დანიშნულება ჩვენი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაა. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი დედამიწის გარშემო 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები