Thumbnail

2068 წელს დედამიწას, შესაძლოა, დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახოს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

2068 წელს დედამიწას, შესაძლოა, 300 მეტრი გარშემოწერილობის მქონე ასტეროიდი შეეჯახოს, რომელიც ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟის, ქაოსის ძალებისა და ბოროტების სიმბოლოს, აპოფისის სახელს ატარებს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას ჰავაის უნივერსიტეტთან არსებულ ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები ავრცელებენ.

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

მკვლევრებმა ასტეროიდის შესასწავლად იაპონიის სახელმწიფო ობსერვატორიის კუთვნილი ტელესკოპის, Subaru-ს მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს და შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების (AAS) მიერ გამართული ონლაინ შეხვედრის დროს გაასაჯაროვეს. მათი გამოთვლების თანახმად, კოსმოსური ობიექტის ორბიტული გადახრა ყოველწლიურად 170 მეტრს შეადგენს, რის გამოც 48 წლის შემდეგ, შესაძლოა, მან გეზი ჩვენი პლანეტისკენ აიღოს და შეჯახების შემთხვევაში კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

2029 წელს ასტეროიდი აპოფისი დედამიწასა და მის ორბიტაზე განლაგებულ ხელოვნურ თანამგზავრებს შორის, ჩვენგან 31,200 კილომეტრის დაშორებით ჩაივლის. ფოტო: NASA

აპოფისი აშშ-ის არიზონას შტატში მდებარე კიტ პიკის ობსერვატორიაში მომუშავე ასტრონომებმა 2004 წლის 19 ივნისს აღმოაჩინეს. ციური სხეული ჩვენს პლანეტას თავდაპირველად 2029 წლის 13 აპრილს მოუახლოვდება, თუმცა სპეციალისტების თქმით, ის დედამიწასა და მის ორბიტაზე განლაგებულ ხელოვნურ თანამგზავრებს შორის, ჩვენგან 31,200 კილომეტრის დაშორებით ჩაივლის, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი.

ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზე გასაგზავნად კაფსულაში მოათავსეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო მუდმივად ეძებს და იკვლევს ჩვენი პლანეტისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს. მომავალ წელს NASA შედარებით მცირე ზომის ასეთი ობიექტისთვის მოძრაობის მიმართულების შეცვლას კოსმოსური ხომალდის DART დახმარებით შეეცდება, რომელსაც ორბიტაზე სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის SpaceX მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 გაიყვანს. ამ მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მსგავის მეთოდი, შესაძლოა, მომავალში აპოფისის მსგავს ასტეროიდებთან შეჯახების თავიდან აცილებში დაგვეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები