Thumbnail

ნახეთ: როგორ იფრენს SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სოციალურ ქსელ ტვიტერზე კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Starship ფრენის ამსახველი ანიმაციური ვიდეო გავრცელდა. ენთუზიასტთა ნამუშევარს აეროკოსმოსური აპარატების უმსხვილესი მწარმოებლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ვიდეორგოლში ხომალდის გაშვება საკმაოდ რეალისტურადაა ნაჩვენები.

ილონ მასკი: კოსმოსური ხომალდი Starship მარსზე 2024 წელს გაფრინდება

ანიმაციაში ვხედავთ, როგორ ფრინდება SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან რაკეტა Super Heavy-ის საშუალებით. ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ასვლის შემდეგ, ის იქ კომპანიის მიერ შექმნილ Starlink-ის ასობით ხელოვნურ თანამგზავრს ტოვებს და უკან ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საფრენ აპარატს Falcon 9, რომელსაც ამჟამად კომპანია სატელიტების გასაშვებად იყენებს, ერთდროულად მხოლოდ 60 ზონდის წაღება შეუძლია, თუმცა SpaceX-ის პრეზიდენტის, გვინ შოთველის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, მომავალში Starship ერთი ფრენის დროს ორბიტაზე 400 თანამგზავრის გატანას უზრუნველყოფს.

 

ვიდეორგოლი წარმოდგენას კოსმოსური ხომალდის პროტოტიპის SN8 საცდელი ფრენის შესახებაც გვიქმნის, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. როგორც SpaceX-ის წარმომადგენლები იუწყებიან, Starship ტესტირების დროს 20 კილომეტრ სიმაღლეზე უნდა აფრინდეს. დედამიწაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად კი აპარატი ანიმაციაში ნაჩვენებ მანევრს განახორციელებს - ხმელეთთან მიახლოვებისას სვლას შეანელებს და კოსმოდრომზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჯდება.

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდ Starship -ის ძრავა გამოცადა

სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს კოსმოსური ხომალდის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები