Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების ახალ მეთოდს მიაკვლიეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიაში მდებარე მელბურნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების ინოვაციურ მეთოდს მიაკვლიეს, რომელიც ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე ორ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოცადეს. მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Journal of NeuroInterventional Surgery გამოქვეყნდა.

ნახეთ: აპარატი, რომლითაც ტვინში Neuralink-ის ჩიპებს ჩანერგავენ

ავსტრალიელი სპეციალისტების მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომელიც სტენტროდის სახელითაა ცნობილი, ელექტროდების წყებას წარმოადგენს. მისი ადამიანის ორგანიზმში იმპლანტაცია, სხვა მეთოდებთან შედარებით, ნაკლებად ინვაზიურია. ამისთვის საკმარისია, რომ ის კისრის ე.წ. საუღლე ვენაში მოთავსდეს, საიდანაც თავის ტვინის ქერქის მოტორულ ზონაში არსებულ სისხლძარღვებში გადაინაცვლებს. იქიდან მას იმპულსების დაფიქსირება და მიღებული სიგნალების კომპიუტერისთვის უსადენოდ გადაცემა შეუძლია.

ტვინში არსებულ სისხლძარღვში შეყვანილი ელექტროდები. ფოტო: University of Melbourne

სტენტროდის ეფექტურობის გამოცდის მიზნით, მეცნიერებმა ის მოტორული ნეირონების დეგენერაციით გამოწვეული დაავადების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის მქონე ორი პაციენტის ტვინში შეიყვანეს. მოწყობილობის მეშვეობით, ცდისპირებმა ისეთი დავალებების შესრულება შეძლეს, როგორიცაა კომპიუტერის მონიტორზე არსებული გამოსახულების მოახლოება, ტექსტის აკრეფა, საყიდლების ონლაინ შეძენა, საბანკო ტრანზაქციების განხორციელება და სხვა.

ახალი ტექნოლოგიით ადამიანის ტვინს ხელოვნურ ინტელექტთან დააკავშირებენ

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ახალი ტექნოლოგიის კომერციალიზაციას, სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდება, ის პარალიზებული ადამიანების ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სტენტროდის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის მკვლევრები ბიოელექტრონულ სამედიცინო კომპანიასთან Synchron თანამშრომლობენ, თუმცა, როდის იქნება მოწყობილობა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია

კომენტარები

ბოლო ამბები