Thumbnail

ევროპაში Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა თებერვლიდან იქნება შესაძლებელი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, ევროპის ქვეყნებში Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსია მომავალი წლის თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი. სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას, როდის შეძლებდნენ ამ კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ახალი სერვისით სარგებლობას, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ასე უპასუხა:

"როგორც კი ქვეყნებისგან ნებართვას მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო არ აქვს, თითოეული სახელმწიფოს შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, შეთანხმებას ალბათ თებერვალში ან მარტში მივაღწევთ".

Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება SpaceX-მა 26 ოქტომბერს დაიწყო. გამოცდა ამჟამად კანადის სამხრეთ პროვინციებსა და აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებით შესთავაზა. ილონ მასკის თქმით, მსგავსი შინაარსის წერილს მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ, რომელშიც საკონტაქტო ინფორმაციასა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს მიუთითებენ.

სურათზე  სატელიტურ მიმღებს ხედავთ, რომელიც Starlink-ის ქსელთან კავშირს უზრუნველყოფს. ფოტო: SpaceX 

სერვისით სარგებლობის ყოველთვიური საფასური ამ დროისთვის 99 აშშ დოლარია. ქსელთან დასაკავშირებლად მომხმარებლებს სხვადასხვა მოწყობილობის, მათ შორის სატელიტური მიმღებისა და ვაიფაი როუტერის შეძენა სჭირდებათ, რომელთა საერთო ღირებულება 499 აშშ დოლარს შეადგენს.

Starlink-ის ინტერნეტი აშშ-ში არსებული ქსელების უმეტესობაზე სწრაფია

24 ოქტომბერს ილონ მასკის მიერ შექმნილმა რაკეტამ Falcon 9 პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რის შედეგადაც მათმა რაოდენობამ იქ 800-ს გადააჭარბა. SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ, რის შემდეგაც ქსელში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები