Thumbnail

NASA ჩვენგან 19 მილიარდი კილომეტრით დაშორებულ კოსმოსურ ზონდს დაუკავშირდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან 18,8 მილიარდი კილომეტრით დაშორებულ ზონდთან Voyager 2 კომუნიკაცია დაამყარა. NASA-ს სპეციალისტები კოსმოსში 1977 წელს გაშვებულ ხომალდს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მდებარე 70 მეტრი გარშემოწერილობის მქონე სატელიტური თეფშით DSS43 დაუკავშირდნენ.

ნახეთ: NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

კოსმოსური აპარატისკენ სიგნალი ანტენის ტექნიკური განახლების შემდეგ გაუშვეს, რაც მიზნად ხელსაწყოს გამართულობის შემოწმებას ისახავდა. აქამდე ოპერატორები მხოლოდ ხომალდის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს იღებდნენ და მასთან უკუკავშირი არ შეეძლოთ. ინჟინრებმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად DSS43-ს ორი ახალი გადამცემი დაუმონტაჟეს, რომელთა მეშვეობითაც Voyager 2-თან კომუნიკაციის აღდგენა სცადეს. ჩვენსა და ზონდს შორის არსებული უზარმაზარი მანძილის გამო, მისგან წამოსულმა საპასუხო სიგნალმა დედამიწამდე მხოლოდ 35 საათის შემდეგ მოაღწია.

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში განლაგებული სატელიტური თეფში DSS43.

მსოფლიოში DSS43-ის მსგავსი კიდევ ორი სატელიტური ანტენა არსებობს, რომელთაგან ერთი აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მოჰავეს უდაბნოშია განლაგებული, მეორე კი - ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. თითოეულ მათგანს ხელსაყრელი მდებარეობის გამო კოსმოსში გარკვეული მიმართულებით გაგზავნილ ხომალდებთან კომუნიკაციის დამყარება შეუძლია. რაც შეეხება Voyager 2-ს, რომელიც მზის სისტემის შორეული პლანეტების, ურანისა და ნეპტუნის სიახლოვეს მოძრაობს, მისგან ინფორმაციის მიღებასა და უკუკავშირს სწორედ კანბერაში მდებარე სატელიტური თეფში უზრუნველყოფს.

NASA მთვარეზე წყლის არსებობას ადასტურებს

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები განახლებული საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებას მთვარესა და მარსზე დაგეგმილი მისიების დროსაც აპირებენ. მათი ვარაუდით, DSS43 დაკავშირებას მარსმავალ Perseverance-თანაც შეძლებს, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება. NASA-ს სპეციალისტები ანტენის დახმარებით ინფორმაციის გაცვლას პროგრამა "არტემისში" მონაწილე ასტრონავტებთანაც შეეცდებიან, რომლებიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე 2024 წელს გაემგზავრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები