Thumbnail

სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ უზარმაზარი აისბერგი მიემართება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დედამიწის ორბიტაზე განლაგებული ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით შეგროვებული მონაცემების თანახმად, ატლანტის ოკეანეში მდებარე სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ შემხვედრი კურსით მანჰეტენის ზომის აისბერგი მიემართება. მეცნიერები შიშობენ, რომ შეჯახების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ზვისიქითა ტერიტორიებში შემავალ კუნძულსა და მის მიმდებარედ არსებულ ეკოსისტემას განადგურება ემუქრება.

გრენლანდიაზე ყინული გასულ 12 ათას წელთან შედარებით უფრო სწრაფად დნება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც A68a-ის სახელითაა ცნობილი, ანტარქტიკაში მდებარე ლარსენის შელფურ მყინვარს 2017 წელს გამოეყო. ყინულის ეს უზარმაზარი მასა თითქმის თავად სამხრეთ ჯორჯიის კუნძულის ზომისაა, რომლისგანაც ის ამჟამად 500 კილომეტრითაა დაშორებული. სპეციალისტების გამოთვლით, თუ A68a სწორ ხაზზე გადაადგილებას განაგრძობს, ის ნაპირამდე სულ რაღაც 3-4 კვირაში მიაღწევს.

2 ნოემბერს გადაღებული სატელიტური სურათზე აისბერგი A68a არის აღბეჭდილი, რომელიც სამხრეთ ჯორჯიის კუნძულისკენ 1 კმ/სთ სიჩქარით მიემართება. ფოტო: Copernicus Data

მკვლევართა განცხადებით, აისბერგთან შეჯახება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე მობინადრე სელაპებისა და პინგვინების სიცოცხლეს. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარდება, A68a სანაპიროსთან, სავარაუდოდ, 10 წლის განმავლობაში დარჩება. ეს, ერთი მხრივ, ცხოველების მიერ საკვების მოსაპოვებლად დასაფარ მანძილს გაზრდის და ნაშიერებისთვის ნადავლის დროულად მიტანას შეაფერხებს, მეორე მხრივ კი, წყალქვეშა ფლორასა თუ ფაუნას მოსპობს და ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.

ნახეთ: არქტიკის უდიდეს შელფურ მყინვარს ყინულის მასა გამოეყო

აისბერგის ზომა, ფორმა, ასევე, დინებები და ამინდის მოსალოდნელი ცვლილება სპეციალისტების მიერ კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას ართულებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ A68a-მ შეიძლება სხვა მიმართულებით დაიწყოს სვლა, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულს გვერდი აუაროს და შედარებით თბილ წყალში გადაინაცვლოს, სადაც, დიდი ალბათობით, ლღვობა და ნაწილებად დაშლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები