Thumbnail

ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში 14 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის Amazon დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში თითქმის 14 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა. მის კაპიტალს აღნიშნული თანხა 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში, Amazon-ის აქციების ფასის 9 პროცენტით გაზრდის შემდეგ დაემატა. გამოცემა Blooоmberg-ის მონაცემებით, 56 წლის ბიზნესმენის ქონება მოცემული დროისთვის 194 მილიარდი აშშ დოლარია, რის შედეგადაც ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს.

► ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კაპიტალის გაზრდა შეძლო რეიტინგში მეორე პოზიციაზე მყოფმა ბილ გეითსმაც. Microsoft-ის დამფუძნებელმა საკუთარ ქონებას 5,4 მილიარდი აშშ დოლარი შემატა და ამჟამად 127 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია. Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი კი, რომელიც 111 მილიარდი აშშ დოლარით მსოფლიოში ყველაზე შეძლებული ადამიანების სიაში მესამე ადგილს იკავებს, გასულ კვირას თითქმის 11 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.

რაც შეეხება რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ილონ მასკს, რომელიც კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია, მისი ქონება 7,8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 107 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 11 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა ფრანგული კორპორაციის LVMH აღმასრულებელი დირექტორის, ბერნარ არნოს კაპიტალს, რომელიც ამ დროისთვის 96,6 მილიარდი აშშ დოლარია. საყურადღებოა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ოთხეული ტექნოლოგიური კომპანიების დამაარსებლებითა და ხელმძღვანელებითაა დაკომპლექტებული, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.

► Apple-ის საბაზრო ღირებულებამ 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ქონება 2020 წლის დასაწყისში მხოლოდ 115 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ვაჭრობამ ძირითადად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, Amazon-ის აქციების ფასი საერთო ჯამში 80 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, კომპანიის 11 პროცენტის მფლობელი ჯეფ ბეზოსი ზაფხულის მიწურულს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 200 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დააგროვა. ბიზნესმენი Amazon-თან ერთად ყოველდღიური გამოცემის The Washington Post და კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიის Blue Origin მფლობელიცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები