Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსში ოთხი ასტრონავტი გაუშვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიის Crew 1 ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ისინი 6 თვეს გაატარებენ.

კოსმოსურ სადგურზე ხალხმრავლობის გამო, ერთ ასტრონავტს კაფსულაში დაძინება მოუწევს

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16 ნოემბერს, თბილისის დროით 4:27 საათზე აფრინდა და კაფსულა, რომელსაც ასტრონავტებმა Resilience უწოდეს, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაიყვანა, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. Crew Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიერთება 17 ნოემბერს, თბილისის დროით 8:00 საათზეა დაგეგმილი. ეკიპაჟის ახალ წევრებს იქ ამერიკელი ასტრონავტი ქეით რუბინსი და რუსი კოსმონავტები - სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩკოვი დახვდებიან.

 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია Crew 1 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა NASA-მ გაშვება გადადო. სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებით, ფრენის გაუქმება რაკეტის Falcon 9 ტექნიკური გამართულობის შემოწმებას უკავშირდებოდა. 2 ოქტომბერს მისი საშუალებით დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური ძალების სატელიტი GPS III SV04 უნდა გაეყვანათ, თუმცა გაშვებამდე ორი წამით ადრე რაკეტის პირველი საფეხურის გენერატორში წნევამ მოიმატა, რის გამოც მისია ჩაიშალა. იმის მიუხედავად, რომ ეკიპაჟიანი ფრენის დროს კოსმოსურ სააგენტოს სხვა Falcon 9 უნდა გამოიყენებინა, NASA-ს რაკეტის უსაფრთხოებაში დარწმუნება სურდა.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon პირველი ეკიპაჟიანი ფრენა, რომელშიც მონაწილეობა ამერიკელმა ასტრონავტებმა, რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ მიიღეს, 2020 წლის 30 მაისს შედგა. მომდევნო დღეს კი კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეს კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანების გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით რეგულარული ფრენის უფლება SpaceX-ს ახლახან მიანიჭა. ამერიკელი ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულამდე მიყვანასა და უკან დაბრუნებას ამიერიდან სწორედ ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 და კაფსულა Crew Dragon უზრუნველყოფს.

SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ რეგულარული ფრენის უფლება მიიღო

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოიუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები