Thumbnail

ნახეთ: ეგვიპტელმა მყვინთავმა წყალქვეშ 6 დღე-ღამე გაატარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ეგვიპტელმა აკვალანგისტმა, სადამ ალ-კილანიმ წითელ ზღვაში წყალქვეშ უწყვეტად 145 საათი და 30 წუთი, ანუ 6 დღე-ღამე გაატარა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი თურქ ჯემ ქერებეის ეკუთვნოდა, რომელმაც 2016 წელს ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან ჩაყვინთა და წყალქვეშ 142 საათი და 47 წუთი დაჰყო.

► ნახეთ: ბრაზილიელმა სერფერმა ქალმა გინესის რეკორდი დაამყარა

თურქი კოლეგის მიღწევა სადამ ალ-კილანიმ ეგვიპტის ქალაქ დაჰაბის სანაპიროსთან გააუმჯობესა. ზღვაში დარჩენას ის გაცილებით დიდხანს, 150 საათის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა ექიმებმა, რომლებიც მყვინთავის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ, მას წყლიდან დათქმულ ვადაზე ადრე ამოსვლა ურჩიეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის სპორტსმენი წყალქვეშ ყოფნისას დროის უმეტეს ნაწილს ვარჯიშს, ლოცვასა და ხატვას უთმობდა.

"ჭამა, სმა და ძილი იქ პრობლემა არ ყოფილა. ყველა, ვისაც დაივინგის კურსები აქვს გავლილი, ეცოდინება, რომ წყალქვეშ საკვებისა და სითხის მიღება მარტივი ვარჯიშის შემდეგაა შესაძლებელი. არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მიირთმევს ვაშლსა და წვენს წყალქვეშ მყოფი მყვინთავი. მავთულისგან დამზადებულ საწოლზე მიმაგრების შემდეგ კი, მას გამოძინებაც შეუძლია“, - ვკითხულობთ შარმ ელ-შეიხის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ეგვიპტელი მყვინთავი, სადამ ალ-კილანი, რომელმაც წყალქვეშ 6 დღე გაატარა

ფოტო: akhbarelyom.com

ეგვიპტელი მყვინთავი, სადამ ალ-კილანი, რომელმაც წყალქვეშ 6 დღე გაატარა

ფოტო: Cap Ashraf Mohamed

ეგვიპტელი მყვინთავი, სადამ ალ-კილანი, რომელმაც წყალქვეშ 6 დღე გაატარა

ფოტო: sharm elsheikh channel

შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად ეგვიპტელ მყვინთავს ხუთი წელი დასჭირდა. 2017 წელს დაფიქსირებული პირადი რეკორდი - 121 საათი წყალქვეშ, სადამ ალ-კილანიმ უკანასკნელი ჩაყვინთვისას დაახლოებით 24 საათით გააუმჯობესა. 

► ნახეთ: 99 წლის მფრინავმა ქალმა გინესის ორი რეკორდი დაამყარა

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენლებს სადამ ალ-კილანის მიერ ნაჩვენები შედეგი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა წყლიდან ამოსულმა სპორტსმენმა წითელი ზღვის სანაპიროსთან შეკრებილი ასობით თანამემამულისა და ტურისტისგან მილოცვები უკვე მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები