Thumbnail

Moderna-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 94.5 პროცენტია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპის წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც მათ მიერ შექმნილი, კოდური სახელწოდების mRNA-1273 მქონე პრეპარატის ეფექტიანობა 94.5 პროცენტს შეადგენს.

► რუსეთში COVID-19-ის მეორე ვაქცინაც ტესტირების დასრულებამდე დაარეგისტრირეს

ფართომასშტაბიან კვლევაში, რომელსაც Moderna აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს, მონაწილეობა 30 ათასმა მოხალისემ მიიღო. მათ ნახევარს მედიკოსებმა ორგანიზმში დაახლოებით ერთი თვის შუალედით ვაქცინის ორი დოზა შეუყვანეს, მეორე ნაწილს კი - პლაცებო. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირების ფარგლებში Covid-19 უკანასკნელ ჯგუფში შემავალ 90 პიროვნებას დაუდასტურდა, ხოლო იმ ცდისპირებიდან, ვინც პრეპარატი მიიღო, მხოლოდ 5 ადამიანი დაავადდა, თანაც მსუბუქ ფორმებში. ამასთან, ინიექციას მწვავე გვერდითი მოვლენები არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით ქავილსა და თავის ტკივილს. მსგავსი შედეგი კი mRNA-1273-ის ეფექტიანობაზე მიანიშნებს.

კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ფოტო: NBC News

როგორც კი ტესტირების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, Moderna სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვის მიღებას შეეცდება. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს დაიწყება. თავდაპირველად პრეპარატი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მომდევნო წლის აპრილის მეორე ნახევარში კი მათ სხვებიც შეუერთდებიან. 

► Pfizer -ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტურობა 90 პროცენტს აღემატება

ახლახან საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინაც მოექცა, რომლის ეფექტიანობა, წინასწარი მონაცემებით, 90 პროცენტს აღემატება. აღსანიშნავია, რომ BNT162b2-ის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატი და mRNA-1273 ერთი და იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეული უპირატესობებით სარგებლობს. კერძოდ,  -20°C ტემპერატურის პირობებში ინახება და შედარებით დიდხანს ძლებს, როცა Pfizer-ის ვაქცინა -75°C-ს საჭიროებს, მსგავს ტემპერატურას კი საავადმყოფოებში განთავსებული მაცივრები ვერ უზრუნველყოფს. 

კომენტარები

ბოლო ამბები