Thumbnail

ნახეთ: Crew Dragon ასტრონავტებით ბორტზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი იმყოფებოდნენ, დაახლოებით 27-საათიანი ფრენის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეკიპაჟის წევრები დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე უკვე გადავიდნენ. იქ მათ ამერიკელი ასტრონავტი ქეით რუბინსი და რუსი კოსმონავტები, სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩკოვი დახვდნენ.

► კოსმოსურ სადგურზე ხალხმრავლობის გამო, ერთ ასტრონავტს კაფსულაში დაძინება მოუწევს

ფრენა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიის Crew 1 ფარგლებში ხორციელდება. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16 ნოემბერს, თბილისის დროით 4:27 საათზე აფრინდა და Crew Dragon ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაიყვანა, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა. მისიის მონაწილე ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვის განმავლობაში დარჩებიან.

 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია Crew 1 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა NASA-მ გაშვება გადადო. სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებით, ფრენის გაუქმება რაკეტის Falcon 9 ტექნიკური გამართულობის შემოწმებას უკავშირდებოდა. 2 ოქტომბერს მისი საშუალებით დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური ძალების სატელიტი GPS III SV04 უნდა გაეყვანათ, თუმცა გაშვებამდე ორი წამით ადრე რაკეტის პირველი საფეხურის გენერატორში წნევამ მოიმატა, რის გამოც მისია ჩაიშალა. იმის მიუხედავად, რომ ეკიპაჟიანი ფრენის დროს კოსმოსურ სააგენტოს სხვა Falcon 9 უნდა გამოიყენებინა, NASA-ს რაკეტის უსაფრთხოებაში დარწმუნება სურდა.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon პირველი ეკიპაჟიანი ფრენა, რომელშიც მონაწილეობა ამერიკელმა ასტრონავტებმა, რობერტ ბენკენმა და დაგლას ჰერლიმ მიიღეს, 2020 წლის 30 მაისს შედგა. მომდევნო დღეს კი კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეს კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანების გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით რეგულარული ფრენის უფლება SpaceX-ს ახლახან მიანიჭა. ამერიკელი ასტრონავტების დედამიწის ორბიტაზე განლაგებულ მოდულამდე მიყვანასა და უკან დაბრუნებას ამიერიდან სწორედ ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 და კაფსულა Crew Dragon უზრუნველყოფს.

► SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ რეგულარული ფრენის უფლება მიიღო

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოიუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები