Thumbnail

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში კვლავ მე-3 ადგილზეა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოცემა Bloomberg-ის მიერ პერიოდულად გამოქვეყნებად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში Facebook-ის თანადამაარსებელ მარკ ცუკერბერგს გადაასწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მოცემული დროისთვის მისი ქონება 110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში 14 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა

რეიტინგს 185 მილიარდი აშშ დოლარით Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 129 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, მეოთხე ადგილზე მყოფი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება კი 104 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველი ოთხეული ტექნოლოგიური კომპანიების დამაარსებლებითა და ხელმძღვანელებითაა დაკომპლექტებული, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2020 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.

ილონ მასკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის შემქმნელი უკან მას შემდეგ ჩამოიტოვა, რაც Tesla-ს აქციების ფასის 14 პროცენტით ზრდის შედეგად მის ქონებას დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა. ამის მიზეზად ექსპერტები რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის თანახმადაც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია მიმდინარე წლის დეკემბრიდან ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ამერიკული კორპორაციების სიაში შევა და აფონდო ბირჟის ინდექსს S&P 500 დაემატება. აღსანიშნავია, რომ მასკმა მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანების რეიტინგში აგვისტოს თვის ბოლოსაც გადაუსწრო, მას შემდეგ, რაც Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 464 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 37-ე ადგილს იკავებდა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მის კაპიტალს ჯამში 90 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა, რაც დიდწილად სწორედ Tesla-ს აქციებზე ფასის ზრდამ განაპირობა. კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლის განმავლობაში დაახლოებით 500 პროცენტით გაიზარდა, ივლისის თვეში კი ის მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები