Thumbnail

ფანტასტი მწერლის, ართურ კლარკის დნმ-ს მთვარეზე გაგზავნიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

პოპულარული ბრიტანელი მწერლის, სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, რომანის "2001: კოსმოსური ოდისეა" ავტორის, სერ ართურ ჩარლზ კლარკის დნმ-ს მთვარეზე გაუშვებენ. ამას აშშ-ის ტექსასის შტატში დაფუძნებული კომპანია Celestis უზრუნველყოფს, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების ფერფლისა თუ სხვა ნაშთების კოსმოსში გაგზავნის მომსახურებას მომხმარებლებს 1994 წლიდან სთავაზობს.

NASA მთვარეზე ბირთვულ რეაქტორს განათავსებს

ცნობილი ბრიტანელი მწერალი, სერ ართურ კლარკი. ფოტო: Everett Collection

2008 წელს გარდაცვლილი ართურ კლარკის თმის ღერები ამერიკელმა ინჟინერმა, რიკ ფლიტერმა ჯერ კიდევ 1999 წელს, შრი ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მცხოვრებ მწერალთან სტუმრობისას შეაგროვა. მათ სპეციალურ კაფსულაში მოათავსებენ და ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე დაგეგმილი მისიის Luna 02 ფარგლებში ხომალდით Peregrine კოსმოსში წაიღებენ. რაკეტა მატარებელი Vulcan Centaur ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2021 წელს აფრინდება. გეგმის მიხედვით, კოსმოსური აპარატი მთვარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, "სიკვდილის ტბის" სახელით ცნობილ რეგიონში დაეშვება და მწერლის დნმ-ის ნიმუშებსაც იქ განათავსებს.

► კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

აღსანიშნავია, რომ Celestis-ის არსებობის ისტორიაში ზემოხსენებული მისია რიგით მე-18 იქნება. კომპანიას ჩვენი პლანეტის ორბიტაზე და მის მიღმა, მათ შორის მთვარის ზედაპირზეც, არაერთი გარდაცვლილი პიროვნების ნაშთები აქვს გაგზავნილი.

კოსმოსური ხომალდი Peregrine, რომელიც არტურ კლარკის დნმ-ს მთვარეზე წაიღებს. ფოტო: Astrobotic Technology 

"ამ მისიებით პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებსაც კოსმოსის შესწავლასა და ათვისებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ. იქიდან გამომდინარე, რომ კაცობრიობა ჩვენი პლანეტის საზღვრებს გასცდა, სრულიად ადეკვატურად მიგვაჩნია, რომ ესა თუ ის რიტუალი დედამიწის გარეთაც შევასრულოთ", - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლზ ჩეიფერმა.

Peregrine მომდევნო წელს მთვარეზე სულ 6 კონტეინერს წაიღებს, რომელთაგან თითოეულში 10-13 კაფსულა იქნება მოთავსებული. გარდაცვლილთა ნაშთების გარდა, ხომალდი სხვადასხვა კერძო კომპანიისა თუ სააგენტოს კუთვნილი სამეცნიერო ხელსაწყოების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. 2021 წლის მისიისთვის რეზერვაციების მიღება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები