Thumbnail

მეცნიერებმა ვულკან ტოლბაჩიკის მიმდებარედ ახალი მინერალი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სანკტ პეტერბურგის უნივერსიტეტსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ტოლბაჩიკის ვულკანური მასივის მიმდებარედ ახალი მინერალი, პეტროვიტი აღმოაჩინეს. მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Mineralogical Magazine გამოქვეყნდა.

10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ვულკანი ტოლბაჩიკი უკვე ათასობით წელია, რაც აქტიურია. მისი ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევები ბოლოს 1975–1976 და 2012–2013 წლებში დაფიქსირდა, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულმა ძლიერმა ენერგიამ იქ არსებული გეოლოგიური წარმონაქმნების ჩამოშლა და ზოგ ადგილზე მიწის გადასკდომა გამოიწვია. ხმელეთზე გაჩენილ ღრმულებში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ასზე მეტი მინერალი აღმოაჩინეს, მათგან უკანასკნელი სწორედ პეტროვიტია, რომელიც მოცისფრო-მომწვანო შეფერილობის კრისტალებისგან შედგენილი სფეროსებრი აგრეგატის სახითაა წარმოდგენილი.

ტოლბაჩიკის ვულკანური მასივი კამჩატკის ნახევარკუნძულზე.

პეტროვიტის შესწავლამ მისი გამორჩეული მოლეკულური აგებულება გამოავლინა. ის ჟანგბადის, ნატრიუმ-გოგირდისა და სპილენძის ატომებისგან შედგება და ფოროვანი სტრუქტურისაა, რაც ნატრიუმის იონებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. მეცნიერთა ვარაუდით, ეს მინერალი ვულკანურ აირებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. მას წვრილკრისტალური ზედა ფენა აქვს, რომელიც ე.წ. პიროკლასტურ, ანუ დამსხვრეულ ქვებს აკრავს გარს.

ბოტსვანაში 998-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ კრისტალში არსებული ჟანგბადის ერთი და სპილენძის შვიდი ატომი ერთმანეთთან იმ სახით არის დაკავშირებული, რომელიც ბუნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება - მხოლოდ რამდენიმე ნაერთისა და ტოლბაჩიკის ვულკანური მასივის მახლობლად მიკვლეული სხვა მინერალის, სარანჩინაიტის შემთხვევაში.

ახალაღმოჩენილი მინერალი, პეტროვიტი

ფოტო: Mineralogical Magazine

ახალაღმოჩენილი მინერალი, პეტროვიტი

ფოტო: Mineralogical Magazine

ახალაღმოჩენილი მინერალი, პეტროვიტი

ფოტო: Mineralogical Magazine

კომენტარები

ბოლო ამბები