Thumbnail

ინდონეზიელი მეკუბოე სახლში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მილიონერად აქცია

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ინდონეზიის ჩრდილოეთ სუმატრის პროვინციაში მდებარე ქალაქ კოლანგში მცხოვრები მეკუბოე, ჯოშუა ჰუტაგალუნგი სახლში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მილიონერად აქცია. 2,1 კილოგრამი წონის მქონე კოსმოსური სხეული შენობას მაშინ დაეცა, როდესაც 33 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში კუბოს ამზადებდა. მან თუნუქის სახურავი გახვრიტა და აივნის გავლით მიწაში 15 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩაეფლო. ჯოშუას თქმით, მეტეორიტი ჯერ კიდევ ცხელი იყო, როდესაც ცოლის დახმარებით ის ნიადაგიდან ამოთხარა.

► მთვარის ნატეხი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდება

ბაზარზე სხვადასხვა შემადგენლობის მქონე მეტეორიტებს განსხვავებული ფასი აქვს. ყველაზე იაფი ნაირსახეობების ერთი გრამის ღირებულება 50 ცენტიდან 5 დოლარამდე მერყეობს, არამიწიერი წარმოშობის იშვიათი ლითონების შემცველი მეტეორიტები კი გრამი 1000 აშშ დოლარად იყიდება. 

ინდონეზიელი მამაკაცის სახლში ჩამოვარდნილი მეტეორიტი, რომელმაც ის მილიონერად აქცია. ფოტო: Josua Hutagalung

ჯოშუა ჰუტაგალუნგის სახლში ჩამოვარდნილი კოსმოსური სხეული მეცნიერებმა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მისი ასაკი თითქმის 4,5 მილიარდი წელია. მათ ის ნახშირბადული ქონდრიტების ჯგუფს მიაკუთვნეს, მეტეორიტების ძალზე იშვიათ ნაირსახეობას, რომელიც უნიკალურ ამინომჟავებსა და სიცოცხლის წამოშობისთვის აუცილებელ სხვა პირველად ელემენტებს შეიცავს. მისი თითოეული გრამი დაახლოებით 857 აშშ დოლარადაა შეფასებული.

► მეცნიერებმა მეტეორიტში ცილის მოლეკულა აღმოაჩინეს

მეტეორიტი ერთ-ერთმა ამერიკელმა კოლექციონერმა 1,8 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რაც ინდონეზიელი მეკუბოის მიერ 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასს აღემატება. მიღებული თანხის ნაწილით ჯოშუას მშობლიურ ქალაქში ეკლესიის აშენება აქვს გადაწყვეტილი, რის შემდეგაც სამსახურის მიტოვებასა და თავისი სამი ვაჟიშვილისთვის მეტი ყურადღების დათმობას გეგმავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები