Thumbnail

მცირე ზომის ასტეროიდმა დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე ჩაუარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მცირე ზომის ასტეროიდმა სახელწოდებით 2020 VT4 დედამიწას რეკორდულად მოკლე, 386 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა. შედარებისთვის, ეს უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ობიექტები, მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური და ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედი Starlink.

2068 წელს დედამიწას, შესაძლოა, დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახოს

კოსმოსური ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ხელსაწყომ ATLAS დედამიწასთან მოახლოებიდან 15 საათის შემდეგ დააფიქსირა. ასტრონომების განცხადებით, 5-დან 10-მეტრამდე გარშემოწერილობის მქონე ასტეროიდმა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, პიტკერნის კუნძულების ზემოთ, დღის ცაზე გაიარა. მათი ვარაუდით, ატმოსფეროში შემოღწევის შემთხვევაში, ციური სხეული ნაწილებად დაიშლებოდა და ჩვენს პლანეტას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

14 ნოემბერს გადაღებული სურათი ასტეროიდის 2020 VT4 მოძრაობას ასახავს. ფოტო: ATLAS 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტეროიდს 2020 VT4 ახლო მანძილზე ჩავლისას ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებული ხელოვნური თანამგზავრები და საერთაშორისო კოსმოსური სადგური არ დაუზიანებია. ეს უკანასკნელი ამ დროს ატლანტის ოკეანის სამხრეთი ნაწილის თავზე გადაადგილდებოდა. ციური სხეული დედამიწას 2052 წლის 13 ნოემბერსაც მოუახლოვდება, თუმცა სპეციალისტების თქმით, ის ჩვენგან გაცილებით შორს, დაახლოებით 3 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაივლის.

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

აღსანიშნავია, რომ დღემდე დედამიწასთან ყველაზე მეტად მოახლოებულ ასტეროიდად ასევე მცირე ზომის კოსმოსური ობიექტი 2020 QG მიიჩნეოდა. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მან ჩვენს პლანეტას დაახლოებით 3 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა.

კომენტარები

ბოლო ამბები