Thumbnail

ნახეთ: რუსი კოსმონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დედამიწის ორბიტაზე მყოფი რუსი კოსმონავტები, სერგეი რიჟიკოვი და სერგეი სვერჩიკოვი 18 ნოემბერს, თბილისის დროით 19:12 საათზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ღია კოსმოსში გავიდნენ. ეს ორივე მათგანისთვის პირველი მსგავსი მისია იყო.

► ნახეთ: NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი სადგურის გარეთ კოსმონავტებმა სულ 6 საათი და 47 წუთი დაჰყვეს. ამ დროის განმავლობაში მათ რუსული წარმოების მოდულის, "პირსის" განცალკევებისთვის საჭირო სამუშაოები ჩაატარეს და მისი სხვა განყოფილებებთან დამაკავშირებელი კაბელები ჩახსნეს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ის ახლო მომავალში ჩამოშორდება და ადგილს "ნაუკას' სახელით ცნობილ ახალ მოდულს დაუთმობს. 

ღია კოსმოსში ყოფნისას რიჟიკოვმა და სვერჟოკოვმა თერმორეგულირების სისტემის სითხის ხარჯვის საკონტროლო პანელის შეცვლაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ჰერმეტული კონტეინერი, რომელშიც მოწყობილობა ინახება, არ გაიხსნა. ამის გარდა, მათ სკაფანდრებში "ტრანზიტ ბ" კავშირგაბმულობის სისტემის ანტენები ერთი მოდულიდან მეორეზე გადართეს, წნევისა და დანალექის მაკონტროლებელი ხელსაწყოს გადამწოდები შეცვალეს და ნარჩენების მონიტორინგის სისტემა შეაკეთეს. მისიის დასასრულს "ზარიას" მოდულის ილუმინატორების გაწმენდაც იგეგმებოდა, თუმცა ამ დავალებას ეკიპაჟის წევრები უკვე ღია კოსმოსში მომდევნო გასვლისას შეასრულებენ.

► რუსეთს სურს, ტომ კრუზს კოსმოსში ფილმის გადაღება დაასწროს

მიმდინარე წელს ეს ადამიანების ღია კოსმოსში გასვლის უკვე მე-8 შემთხვევაა, საერთო ჯამში კი მსგავსი მისიები უკვე 232-ჯერ განხორციელდა. კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კიდევ რამდენჯერმე დატოვებენ და "პირსს" საბოლოო განცალკევებისთვის მოამზადებენ. მას ორბიტიდან რუსული ხომალდი "პროგრეს მს-16" გაიყვანს, ახალი მოდულის, "ნაუკას" დედამიწის ორბიტაზე გაშვება კი 2021 წლის აპრილში იგეგმება. 

კომენტარები

ბოლო ამბები