Thumbnail

Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტია. აღნიშნულ ინფორმაციას ისინი კოდური სახელწოდების BNT162b2 მქონე პრეპარატის კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპის საბოლოო შედეგების საფუძველზე ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კვლევის წინასწარი მონაცემები, რომელთა მიხედვით პრეპარატის ეფექტურობა 90 პროცენტს აღემატებოდა, თუმცა მას შემდეგ მეცნიერებს უფრო ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცათ, რასაც ზემოხსენებული მაჩვენებლის ჩასწორება მოჰყვა.

► რუსეთში COVID-19-ის მეორე ვაქცინაც ტესტირების დასრულებამდე დაარეგისტრირეს

ფართომასშტაბიან კვლევაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის 43,538 ადამიანმა მიიღო. მათ ნახევარს ორგანიზმში ახალი ვაქცინა, მეორე ნაწილს კი პლაცებო შეუყვანეს. აღმოჩნდა, რომ სხეული თავდაცვით უნარს BNT162b2-ის პირველი დოზის მიღებიდან 28 დღეში, განმეორებითი ინიექციიდან კი ერთი კვირის შემდეგ გამოიმუშავებს. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეპარატი ქმედითუნარიანი გამოდგა, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში. კერძოდ, 65 წელზე უფროსი ასაკის ცდისპირებში, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიაში ერთიანდებიან, მისმა ეფექტიანობამ 94 პროცენტი შეადგინა. 

Pfizer-ისა და BioNTech-ის თანამშრომლობით შემქნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით ტესტირებაში მონაწილე 170 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 162-ს პლაცებო ჰქონდა მიღებული, ვაქცინა კი მხოლოდ 8-ს, რაც პრეპარატის ეფექტიანობაზე მიანიშნებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ უკანასკნელთაგან დაავადების მძიმე ფორმა მხოლოდ ერთს აღენიშნა. კვლევამ BNT162b2-ის უსაფრთხოებაც დაამტკიცა, ვინაიდან ინიექციას თავის მსუბუქი ტკივილსა და დაღლილობის გარდა სხვა გვერდითი მოვლენები არ გამოუწვევია.

Pfizer-ისა და BioNTech-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ამჟამად სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოსაყენებლად ნებართვის მიღებას ელიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, პრეპარატი მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზა იქნება მზად, ხოლო მომავალი წლისთვის ეს რიცხვი 1.3 მილიარდამდე გაიზრდება.

► Moderna -ს მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 94.5 პროცენტია

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევის შედეგები ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მაც გაასაჯაროვა, რომლის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 94.5 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ BNT162b2-ის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატი და mRNA-1273 ერთი და იმავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეული უპირატესობებით სარგებლობს. კერძოდ, -20°C ტემპერატურის პირობებში ინახება და შედარებით დიდხანს ძლებს, როცა Pfizer-ის ვაქცინა -75°C-ს საჭიროებს, მსგავს ტემპერატურას კი საავადმყოფოებში განთავსებული მაცივრები ვერ უზრუნველყოფს. 

კომენტარები

ბოლო ამბები