Thumbnail

მეცნიერებმა ოთახის ტემპერატურის პირობებში ხელოვნური ალმასები შექმნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრალიაში მდებარე მელბურნის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ორი სხვადასხვა სახის სინთეტიკური ალმასის შექმნა ოთახის ტემპერატურის პირობებში რამდენიმე წუთში შეძლეს. ბუნებაში ამ მინერალის ფორმირება დაახლოებით 150 კილომეტრის სიღრმეზე ნახშირბადზე მაღალი წნევის ზემოქმედების შედეგად ხდება. ამისთვის მილიარდობით წელი და 1000°C-ზე მეტი ტემპერატურაა საჭირო. ექსპერიმენტის შედეგად ამ პროცესის მნიშვნელოვნად დაჩქარება მოხერხდა.

► ბოტსვანაში 998-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური ალმასების შესაქმნელად მეცნიერებმა სპეციალური ხელსაწყო გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც ნახშირბადზე 80 გიგაპასკალამდე წნევის ძალა ისე მიმართეს, რომ მისი დეფორმაცია და ატომების ახალ სტრუქტურად გადალაგება განაპირობეს. მიღებული ნიმუშის ელექტრონული მიკროსკოპით შესწავლისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ორი ტიპის ალმასებს შეიცავდა. საიუველირო ნაკეთობებში გამოყენებად, სტანდარტულ ძვირფას ქვებთან ერთად, მათ იქ ლონსდეილიტის სახელით ცნობილი, გაცილებით მყარი მინერალიც აღმოაჩინეს. ეს უკანასკნელი ბუნებაში ძალზე იშვიათია და ძირითადად მეტეორიტების ჩამოვარდნის ადგილებში გვხვდება.

ლონსდეილიტისა და სტანდარტული ალმასის ფენები ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ ნიმუშში. ფოტო: Small 

სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში ხელოვნური ალმასების შექმნა ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა ოთახის ტემპერატურის პირობებში მათი სინთეზირება ისტორიაში პირველად მოხდა. ახალი მეთოდი მაღალი სიმკვრივის მინერალების მარტივად და სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. მეცნიერების განცხადებით, ამგვარად შექმნილ ლონსდეილიტს სხვადასხვა მასალის, ზემყარი ლითონების საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენებენ. 

► ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ

ავსტრალიელი მკლევრები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა მომავალში სინთეტიკური ალმასების დამზადებას ბევრად გაამარტივებს. ამის გარდა, მათი თქმით, ეს ამ მინერალის ბუნებრივ პირობებში ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაშიც დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები