Thumbnail

ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა ხანდაზმულებშიც ეფექტიანია

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ადამიანებზე ჩატარებული ტესტირების მეორე ეტაპზე სასურველი იმუნური რეაქცია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, 70 წელზე უფროს ცდისპირებშიც გამოიწვია. ოფიციალური ანგარიში, რომელშიც კვლევის წინასწარ შედეგებია წარმოდგენილი, ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.

► Pfizer-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია

ტესტირების ფარგლებში ChAdOx1 nCoV-19-ის სახელით ცნობილი ექსპერიმენტული პრეპარატი 560 ჯანმრთელი მოხალისის ორგანიზმში შეიყვანეს, რომელთა შორის, 160 ცდისპირი 56-დან 69 წლამდე, 240 კი 70 წელზე უფროსი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი იყო. განმეორებითი ინიექციის შემდეგ, მოხალისეებმა 14 დღეში ანტიგენის ამოცნობისა და განადგურების უნარის მქონე უჯრედები, T ლიმფოციტები გამოიმუშავეს, 28 დღის შემდეგ კი - ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. პრეპარატის შემქნელების მიერ გასაჯაროებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაქცინამ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თითქმის ერთნაირი ეფექტიანობა აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19. ფოტო: Sean Elias

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის ინიექციას მწვავე გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ცდისპირთა უმეტესობას მხოლოდ უმნიშვნელო სისუსტე აღენიშნა. მათ შორის ხანდაზმულთა საკმაოდ მცირე რაოდენობა იყო. ედვერდ ჯენერის ინსტიტუტი ტესტირების საბოლოო შედეგებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ უკვე მიმდინარეობს პრეპარატის გამოცდის მესამე კლინიკური ეტაპი, რომლის წინასწარი მონაცემებიც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

► Moderna-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის ვაქცინის ეფექტიანობა 94.5 პროცენტია

ოქსფორდის უნივერსიტეტის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. ახლახან საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna მოექცა, რომლის მიერ შექმნილი პრეპარატის ეფექტიანობამ 94.5 პროცენტი შეადგენა. არანაკლებ დამაიმედებელი განცხადება გააკეთეს ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის წარმომადგენლებმა, რომელთა თქმითაც, მათი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები