Thumbnail

ნახეთ: მამაკაცმა თავისი ძაღლი ალიგატორისგან იხსნა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე სოფელ ესტეროში მცხოვრებმა 74 წლის რიჩარდ ვილბენკსმა თავისი ძაღლი ალიგატორის თავდასხმისგან იხსნა. ქვეწარმავალი კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიშის შინაური ცხოველის წყალში ჩათრევასა და შეჭმას ცდილობდა. მომხდარის ამსახველი კადრები ადგილობრივი ველური ბუნების დაცვის სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღო. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღებაც დაიმსახურა.

ჰიტლერის ალიგატორი 84 წლის ასაკში მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა

რიჩარდი საკუთარი სახლის მახლობლად მდებარე ტბორის პირას სამი თვის ლეკვთან, განერთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც წყლიდან უეცრად ალიგატორი ამოვიდა და ძაღლი გაიტაცა. გამოცდილ მონადირეს ოთხფეხა მეგობრის გადასარჩენად ბევრი ფიქრი არ დასჭირდა. ის მაშინვე წყალსატევში გადახტა, დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ქვეწარმავალს ხახა შიშველი ხელებით გაუხსნა და სპანიელი გაათავისუფლა, თანაც ისე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირიდან სიგარა არ გამოუღია.

რიჩარდ ვილბენკსი ცოლთან და სპანიელ განერთან ერთად. ფოტო: News Press

პატრონის მონათხრობით, ალიგატორის თავდასხმის შედეგად ძაღლს მუცლის არეში უმნიშვნელო ჭრილობა აღმოაჩნდა, რომელსაც ვეტერინარმა მარტივად უმკურნალა. რაც შეეხება თავად რიჩარდს, მას რეპტილიამ ხელებზე უკბინა, რის გამოც მამაკაცს ექიმთან ვიზიტი და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება დასჭირდა. ამჟამად ისიც და განერიც თავს კარგად გრძნობენ.

► მამაკაცი, რომელიც კარანტინიდან სათევზაოდ გაიპარა, ნიანგმა შეჭამა

რიჩარდ ვილბენკსის განცხადებით, მას ინციდენტის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის არ შეუტყობინებია, რადგან ალიგატორი მხოლოდ საკუთარი ინსტინქტების შესაბამისად მოქმედებდა და ამის გამო ბუნებიდან მისი ამოღება საჭირო არ არის. მამაკაცი აღნიშნავს, რომ განერს ამიერიდან ყოველთვის საბელით გაასეირნებს და ტბორთან მიახლოებისგან დაიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები