Thumbnail

ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ბილ გეითსს გადაასწრო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოცემა Bloomberg-ის მიერ პერიოდულად გამოქვეყნებად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში Microsoft-ის თანადამაარსებელ ბილ გეითსს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მოცემული დროისთვის მისი ქონება 127.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ჯეფ ბეზოსი ერთ კვირაში 14 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა

რეიტინგს 182 მილიარდი აშშ დოლარით Amazon-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსი ლიდერობს. მესამე პოზიციაზე 127.7 მილიარდი აშშ დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, მეოთხე ადგილს კი 105 მილიარდი აშშ დოლარით საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი, კომპანიათა ჯგუფის Moët Hennessy - Louis Vuitton დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბერნარ არნო იკავებს. Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება 102 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული და ის მილიარდერთა სიაში მეხუთე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველ ხუთეულში ტექნოლოგიური კომპანიების ოთხი დამაარსებელი და ხელმძღვანელია, ათეულში კი სულ შვიდი ასეთი პიროვნებაა.

გამოცემა Blooоmberg-ის მიერ 2020 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული.

ილონ მასკმა Microsoft-ის დამაარსებელი უკან Tesla-ს აქციების ფასის რეკორდული ზრდის შედეგად ჩამოიტოვა. ამის მიზეზად ექსპერტები გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის თანახმადაც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია მიმდინარე წლის 21 დეკემბრიდან ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე ამერიკული კორპორაციების სიაში შევა და საფონდო ბირჟის ინდექსს S&P 500 დაემატება. შედეგად, Tesla-ს აქციების ღირებულება 20 პროცენტით გაიზარდა და 23 ნოემბერს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებისთვის მათმა ფასმა 521,85 აშშ დოლარს მიაღწია.

Tesla ავტომანქანების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელი გახდა

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 37-ე ადგილს იკავებდა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე მის კაპიტალს ჯამში 100 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დაემატა, რაც დიდწილად სწორედ Tesla-ს აქციებზე ფასის ზრდამ განაპირობა. კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლის განმავლობაში დაახლოებით 500 პროცენტით გაიზარდა, ივლისის თვეში კი ის მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებული მწარმოებელიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები