პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან დაახლოებით 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მშონუვში მსოფლიოში ყველაზე ღრმა საცურაო აუზი გაიხსნა. DeepSpot-ის სახელით ცნობილი ნაგებობის სიღრმე 45,4 მეტრს შეადგენს, მის ასავსებად კი 8 ათასი კუბური მეტრი წყალია საჭირო.
► გერმანიასა და დანიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბს გაიყვანენ
აუზით როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მყვინთავები ისარგებლებენ, მოგვიანებით კი მისი გამოყენება მეხანძრეებისა და სამხედროების წვრთნებისთვისაც იგეგმება. საწყლოსნო კომპლექსში ხელოვნური მღვიმეები და მცირე ზომის გემის ნარჩენებია განთავსებული, რომლებსაც ვიზიტორები ჩაყვინთვისას გამოიკვლევენ. მათთვის კი, ვისაც წყალში ჩასვლა არ სურს, აუზის დასათვალიერებლად გამჭვირვალე გვირაბია გაყვანილი.
კომპლექსის ასაგებად საერთო ჯამში 5 ათასი კუბური მეტრი ბეტონი გამოიყენეს. მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაახლოებით 8,9 მილიონი ევრო დაჯდა. საცურაო აუზის გარდა, მასში სასტუმრო, რესტორნები და საკონფერენციო დარბაზებია განლაგებული, რომელთა ფანჯრებიდან შთამბეჭდავი ხედი იშლება.
► ნახეთ: ეგვიპტელმა მყვინთავმა წყალქვეშ 6 დღე-ღამე გაატარა
DeepSpot-მა პირველობა იტალიაში მდებარე კურორტ მონტეგროტო ტერმეში 2014 წელს გახნილ აუზს, სახელწოდებით Y-40 Deep Joy ჩამოართვა, რომლის სიღრმეც 42,15 მეტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში Blue Abyss-ის სახელით ცნობილი საცურაო კომპლექსის გახსნა იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით,მისი სიღრმე 50 მეტრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზის წოდებას DeepSpot-ისგან მალე სწორედ ის გადაიბარებს.
კომენტარები