Thumbnail

მეცნიერებმა გენის კორექტირების ახალი ტექნოლოგიით კიბოს უჯრედები გაანადგურეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ისრაელში მდებარე თელ ავივის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, გენის კორექტირების ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით თაგვების ორგანიზმში კიბოს უჯრედები გაანადგურეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

► კანადაში ონკოლოგიურ პაციენტებს ჰალუცინოგენი სოკოების მოხმარების უფლება მისცეს

მკვლევართა მიერ შემუშავებული მეთოდი გენეტიკური მანიპულაციის საშუალებას იძლევა, რომლის მიზანიც დაავადებული უჯრედების მოსპობაა. ამისთვის სხეულში რიბონუკლეინის მჟავისა და ცხიმისებრი ნივთიერებების, ლიპიდების ნანონაწილაკების შეყვანაა საჭირო, რომელიც Cas9-ის სახელით ცნობილი ფერმენტების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამ სახის ცილებს სიმსივნური კერების ამოცნობა და მათი შემადგენელი დნმ-ის ფრაგმენტების ამოღება შეუძლიათ, რის შედეგადაც კიბოს უჯრედები ნადგურდება.

მეცნიერთა  მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დაავადებული უჯრედის დნმ-ის კორექტირებაა შესაძლებელი. ფოტო: Tel Aviv University

ნაშრომის ავტორებმა აღნიშნული ტექნოლოგია განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეული სიმსივნეების, კერძოდ, ტვინისა და საკვერცხეების კიბოს მქონე თაგვებზე გამოცადეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ინიექციის შემდეგ, 60 დღის განმავლობაში ცხოველთა ორგანიზმში დაავადებული ქსოვილის ზრდის ტემპმა 50 პროცენტით იკლო, ხოლო მღრღნელების გადარჩენის კოეფიციენტი პირველ შემთხვევაში 30 პროცენტამდე, მეორეში კი 80 პროცენტამდე გაიზარდა. 

► გენმოდიფიცირებული თხების რძე, შესაძლოა, კიბოს სამკურნალოდ გამოიყენონ

მკვლევართა განცხადებით, ახალი მეთოდით განადგურებული სიმსივნური უჯრედები ხელახლა ვეღარ გააქტიურდება. მათი თქმით, ამ ტექნოლოგიამ, შესაძლოა, მომავალში ქიმიოთერაპია ჩაანაცვლოს და მკურნალობის გაუმჯობესებულ და ეფექტურ გზად იქცეს, რომელიც გვერდით მოვლენებს არ გამოიწვევს. მისი ადამიანებზე გამოცდა უახლოეს ორ წელშია მოსალოდნელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები