Thumbnail

ნახეთ: რაკეტამ Falcon 9 მე-7 წარმატებული მისიით ფრენების რეკორდი დაამყარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტამ Falcon 9 პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რითიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. რაკეტის მრავალჯერადი გამოყენების პირველი საფეხურისთვის ეს რიგით მე-7 წარმატებული მისია იყო. აპარატმა აღნიშნული სერიის ყველა სხვა მოდელს გადაუსწრო და ფრენების რეკორდი დაამყარა. 

► ნახეთ: SpaceX-ის რაკეტის მე-100 წარმატებულ გაშვებას კომპანიამ ვიდეო მიუძღვნა

Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხზე არსებული აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და ორბიტაზე განთავსებულ Starlink-ის თანავარსკვლავედს კიდევ ათობით ზონდი შემატა. გაშვებიდან დაახლოებით 9 წუთში რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში განლაგებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა, რაც  SpaceX-ის საფრენი აპარატის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნების 67-ე შემთხვევაა. 

აღსანიშნავია, რომ რაკეტის ამ პირველ საფეხურს, რეკორდის დამყარებამდე, დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის სატელიტების 5 წყება, ასევე, Iridium-ის ხელოვნური თანამგზავრები და Telstar-ის სერიის ზონდები ჰყავს გაყვანილი. ბოლო ფრენა Falcon 9-ისთვის სხვა მხრივაც სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან ეს მისი არსებობის ისტორიაში მე-100, მიმდინარე წელს კი 23-ე გაშვება იყო.

 

2020 წელს SpaceX-მა არაერთი მნიშვნელოვანი მისია განახორციელა. მათ შორის ერთ-ერთი ახლახან შედგა, როდესაც კომპანიამ საკუთარი წარმოების კაფსულით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4 ასტრონავტი - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი აიყვანა. ეს მეორე ეკიპაჟიანი მისია იყო მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში იმავე ხომალდით დედამიწის გარშემო მოძრავი მოდულისკენ რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ NASA-ს მიერ SpaceX-ისთვის ცოტა ხნის წინ მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, ამერიკელი ასტრონავტები Crew Dragon-ით უკვე რეგულარულად იფრენენ.

► ევროპაში Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა თებერვლიდან იქნება შესაძლებელი

ილონ მასკის კომპანია ამჟამად Starship-ის სახელით ცნობილი ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში მყოფ აპარატებზე პატარაა და მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები