Thumbnail

ნახეთ: Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

Samsung-მა მომხმარებლებს ახალი ბიუჯეტური სმარტფონები, Galaxy A12 და Galaxy A02s წარუდგინა. სამხრეთკორეული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, პირველი მოდელი ევროპის ქვეყნებში 2021 წლის იანვრიდან, მეორე კი თებერვლის თვიდან გაიყიდება.

► Samsung-მა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი GALAXY A42 5G წარადგინა

Galaxy A12-ის ეკრანის ზომა 6,5 დუიმია. ის Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და 8-ბირთვიანი პროცესორით არის აღჭურვილი. მოდელის ოპერატიული მეხსიერება 3GB, 4GB ან 6GB-ია, ელემენტის ტევადობა კი 5,000mAh-ს შეადგენს. მობილურ მოწყობილობას 32GB, 64GB ან 128GB-იანი შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მას შეიძლება 1-ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათიც დაემატოს.

სმარტფონის უკანა კორპუსზე 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორია განლაგებული. მისი წინა კამერით კი 8-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მობილური მოწყობილობის სისქე 8,9 მილიმეტრია, წონა კი - 205 გრამი. მომხმარებლებისთვის შავი, თეთრი, ლურჯი და წითელი ფერის მოდელები იქნება ხელმისაწვდომი.

Samsung-ის ახალი ბიუჯეტური სმარტფონები, Galaxy A12 და Galaxy A02s. ფოტო: Samsung 

Galaxy A02s-ს, წინა მოდელის მსგავსად, 6,5-დუიმიანი ეკრანი აქვს. ის Android 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის პროცესორით Snapdragon 450 არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 3GB, შიდა მეხსიერება 32GB, ელემენტის ტევადობა კი 5,000mAh-ია. მობილურ მოწყობილობას 5-მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, მის უკანა კორპუსზე კი 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო ლინზა და 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორია განლაგებული. მსურველები შავი და თეთრი ფერის მოდელების შეძენას შეძლებენ.

► Samsung 16-გიგაბიტიანი LPDDR5 ჩიპების მასობრივ წარმოებას იწყებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy A12, რომელსაც 3GB-იანი ოპერატიული მეხსიერება და 32GB-იანი შიდა მეხსიერება აქვს, დაახლოებით 215 აშშ დოლარი ეღირება. 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერებისა და 128GB-იანი შიდა მეხსიერების მქონე მოდელის შეძენა კი 240 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება Galaxy A02s-ს, მისი ფასი 180 აშშ დოლარით არის განსაზღვრული.

კომენტარები

ბოლო ამბები