Thumbnail

ნახეთ: წყვილმა სახლის კედელში მშრალი კანონის დროინდელი 66 ბოთლი ვისკი აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიუ იორკის შტატში მდებარე პატარა სოფელ ეიმსში მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი სახლის რესტავრაციისას კედელსა და იატაკის ფიცრების ქვეშ ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გადამალული 66 ბოთლი ვისკი აღმოაჩინა. ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-18 შესწორებით ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების წარმოება და გაყიდვა აიკრძალა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ე.წ. მშრალ კანონს არ ემორჩილებოდა და კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობით ირჩენდა თავს. როგორც ჩანს, შენობის ადრინდელი მეპატრონეც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა.

აუქციონზე 79 წლის წინ ზღვაში ჩაძირული ვისკი იყიდება

ნიკ დრამონდმა და პატრიკ ბეკერმა მონტგომერის ოლქში მდებარე, 1915 წელს აშენებული სახლი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიძინეს და მალევე შეიტყვეს, რომ იქ ადრე ცნობილი ბუტლეგერი ცხოვრობდა. თუმცა, ეს ამბავი მათ ქალაქურ ლეგენდად მიიჩნიეს და მიივიწყეს იქამდე, სანამ სარემონტო სამუშაოების დროს საგულდაგულოდ გადანახულ სასმლით სავსე ბოთლებს მიაკვლიეს.

 

მოყავისფრო ქაღალდში გახვეული ბოთლები წყვილმა თავდაპირველად სახლის შემოსასვლელში პლინტუსების მოხსნისას შენიშნა, მოგვიანებით კი ნიკმა და პატრიკმა ერთი საუკუნის წინ ჩამოსხმული ვისკი იატაკის ქვეშაც აღმოაჩინეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალით ირკვევა, ალკოჰოლური სასმელი შოტლანდიური ბრენდის Old Smuggler Gaelic წარმოებისაა, რომელიც საკუთარ პროდუქციას დღესაც უშვებს.

მეცნიერებმა სინთეტური ალკოჰოლი შექმნეს, რომელსაც ნაბახუსევი არ აქვს

ნიკმა და პატრიკმა სახლის ადრინდელი მეპატრონის ვინაობის დასადგენად და მისი ისტორიის გასაგებად ძველი გაზეთების შესწავლა დაიწყეს და ცოტა ხანში საჭირო ინფორმაციასაც მიაგნეს. მათთვის საინტერესო პიროვნება საიდუმლოებით მოცული გერმანელი ბარონი, ადოლფ ჰიუმფნერი აღმოჩნდა, რომელიც დიდძალი ქონების პატრონი გახლდათ და არაერთ სკანდალში იყო გახვეული. ცნობილი ბუტლეგერი 1932 წლის ოქტომბერში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ცნობილი ბუტლეგერის, ადოლფ ჰიუმფნერის შესახებ სტატია ძველ გაზეთში. ფოტო: Bootlegger Bungalow

"ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს, რომლის გასარკვევადაც მთავარია, სხვადასხვა დეტალი თუ ინფორმაცია გავაანალიზოთ, შედეგად კი, შესაძლოა, საოცარი რამ აღმოვაჩინოთ. ახლა ჩვენი სახლი უფრო მეტად გვიყვარს" , - განაცხადა ნიკ დრამონდმა.

ნიუ იორკში მცხოვრები წყვილი არ გამორიცხავს, რომ სახლის რეკონსტრუქციის დასრულებამდე ჰიუმფნერის მიერ საგულდაგულოდ გადამალულ ვისკის კიდევ მიაკვლიონ. ისინი რამდენიმე დაზიანებული ბოთლის თავისთვის დატოვებას გეგმავენ, დანარჩენ სასმელს კი კოლექციონერებსა თუ სხვა მსურველებს 1000 აშშ დოლარად მიჰყიდიან.

მშრალი კანონის დროინდელი ვისკი

ფოტო: Bootlegger Bungalow

მშრალი კანონის დროინდელი ვისკი

ფოტო: Bootlegger Bungalow

მშრალი კანონის დროინდელი ვისკი

ფოტო: Bootlegger Bungalow

კომენტარები

ბოლო ამბები