Thumbnail

ევროპის კოსმოსური სააგენტო ორბიტიდან ნარჩენების მოშორების პროექტს დააფინანსებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ის შვეიცარიულ კომპანიას ClearSpace SA დედამიწის ორბიტიდან ნარჩენების მოსაშორებლად 102 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი მისია, რომელიც ClearSpace-1-ის სახელითაა ცნობილი, 2025 წელს შედგება.

Starlink-ის თანამგზავრებმა, შესაძლოა, მეცნიერული აღმოჩენები შეაფერხოს

ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრებისა თუ სხვა კოსმოსური აპარატებისგან დარჩენილი ფრაგმენტების რაოდენობის შესამცირებლად ეკუბლენსის პროვინციაში დაფუძნებული სტარტაპი სააგენტომ 12 კანდიდატს შორის ჯერ კიდევ წინა წელს შეარჩია. ClearSpace SA სპეციალური ხომალდით დედამიწის ორბიტიდან თავდაპირველად რაკეტა Vega-ს სატვირთო კაფსულას Vespa გაიყვანს, რომელიც 112 კილოგრამს იწონის და მიკროსატელიტის ზომისაა. ის ჩვენგან დაახლოებით 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონში 2013 წელს განხორციელებული მისიის შემდეგ აღმოჩნდა.

 

"ხელოვნურად შექმნილი კოსმოსური ნარჩენების მოშორება არა ნებაყოფლობითი, არამედ უკვე აუცილებელი საქმიანობაა. ჩვენი მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ მომავალ თაობებს კოსმოსის ათვისებასა და გამოკვლევაში ხელს არაფერი შეუშლის", - ვკითხულობთ ClearSpace-ის ვებგვერდზე.

ილონ მასკი Starlink-ის სატელიტების განლაგებას მარსის გარშემოც გეგმავს

უკანასკნელი მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე 25 ათასზე მეტი ობიექტი მოძრაობს, მათ შორისაა რაკეტების საფეხურები, ექსპლუატაციიდან ამოღებული ზონდები და სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებიან და სატელიტებსა თუ კოსმოსურ ხომალდებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ რისკების თავიდან აცილებას ემსახურება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილი მისია მხოლოდ დასაწყისია. ორგანიზაცია დამატებითი დაფინანსებისთვის ინვესტორთა მოძიებას ცდილობს და იმედოვნებს, რომ ამ საკითხით არაერთი ბიზნესმენი დაინტერესდება.

კომენტარები

ბოლო ამბები