Thumbnail

ნახეთ: იუტაში აღმოჩენილი ობელისკის ავტორი, შესაძლოა, ადგილობრივი ხელოვანი იყოს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის იუტას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უდაბნოში ახლახან აღმოჩენილი ლითონის სვეტი მოულოდნელად გაუჩინარდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, კლდეებს შორის აღმართული ობიექტი, რომელიც ბრიტანელი მწერლის, ართურ კლარკის სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანში "2001: კოსმოსური ოდისეა" აღწერილ და რეჟისორ სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების კინოსურათში ნაჩვენებ უცხოპლანეტური წარმომავლობის შავ ობელისკს მოგვაგონებს, 27 ნოემბრის საღამოდან გაქრა, მის ადგილზე კი ვიზიტორებს მეტალის პატარა სამკუთხედი დახვდათ.

► ფანტასტი მწერლის, ართურ კლარკის დნმ-ს მთვარეზე გაგზავნიან

"ჩვენ მივიღეთ სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ უკანონოდ დადგმული ნაკეთობა, რომელსაც ობელისკის სახელით მოიხსენიებენ, სახელმწიფო მიწების მართვის ბიუროს მეთვალყურეობის ქვეშ არსებული ტერიტორიიდან უცნობმა პიროვნებამ ან პიროვნებათა ჯგუფმა გაიტანა. ლითონის სვეტი, რომელიც კერძო საკუთრებად არის მიჩნეული, ბიუროს ადგილიდან არ წაუღია. ჩვენ არ ვიძიებთ ამ სახის დანაშაულებს, ეს ადგილობრივ სამართალდამცველთა მოვალეობაა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იუტას შტატში აღმოჩენილი ობელისკი მოულოდნელად გაუჩინარდა

ფოტო: Reuters

იუტას შტატში აღმოჩენილი ობელისკი მოულოდნელად გაუჩინარდა

ფოტო: Utah Department of Public Safety

იუტას შტატში აღმოჩენილი ობელისკი მოულოდნელად გაუჩინარდა

ფოტო: Kelsea Dockham

იუტას შტატში აღმოჩენილი ობელისკი მოულოდნელად გაუჩინარდა

ფოტო: Jack Waters

ლითონისგან დამზადებული მართკუთხა სვეტი, რომლის სიმაღლეც 3-3.6 მეტრია, იუტას ველური ბუნების დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მაშინ შენიშნეს, როცა შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენიდან უდაბნოში მობინადრე კანადურ დიდრქიან ცხვრებს ითვლიდნენ. კანიონის ცენტრში წითელ კლდეებს შორის განლაგებული, მიწაში მყარად მდგომი ობიექტი პირველად ერთ-ერთმა ბიოლოგმა დაინახა, რის შემდეგაც მან და მისმა კოლეგებმა ობელისკის ახლოდან დათვალიერება გადაწყვიტეს. სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე შესაბამისი ნებართვის გარეშე რაიმეს დადგმა კანონდარღვევად მიიჩნევა, ამიტომ სამართალდამცველებს ახალაღმოჩენილი ობიექტის წარმომავლობის დადგენა აქვთ დავალებული.

იუტას შტატის ხელისუფლება ობელისკის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გავრცელებული ფოტოებისა და პროგრამა Google Earth-ის მეშვეობით მისი განსაზღვრა შეძლეს. მათ სვეტის ადგილზე დათვალიერება და სურათების გადაღებაც მოახერხეს. სატელიტური გამოსახულებების საარქივო მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ობელისკი ამ ადგილზე 2015 წლის აგვისტოსა და 2016 წლის ოქტომბერს შორის დროის პერიოდშია აღმართული.

ნახეთ: ნასკას უდაბნოში კატის 2000 წლის წინანდელი გამოსახულება აღმოაჩინეს

უცნაური ობიექტის წარმომავლობის შესახებ არაერთი მოსაზრება გავრცელდა. ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ლითონის სვეტი იუტას შტატში, უდაბნოსთან ახლოს მცხოვრებ ხელოვანს, დერეკ დესპეინს უნდა ეკუთვნოდეს. ამის დასადასტურებლად მან 2014 წელს გადაღებული ფოტოსურათები გაავრცელა, სადაც ახალაღმოჩენილი ობელისკის მსგავსი ნაკეთობებია გამოსახული, მათ ავტორად კი სწორედ აღნიშნული პიროვნებაა მითითებული. სავარაუდოდ, ლითონის ობიექტი ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს გამოიყენეს, რის შემდეგაც მისი უდაბნოდან წამოღება დაავიწყდათ.

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები დერეკ დესპეინის ნამუშევრები

ფოტო: Eliot Lee Hazel

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები დერეკ დესპეინის ნამუშევრები

ფოტო: Eliot Lee Hazel

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები დერეკ დესპეინის ნამუშევრები

ფოტო: Eliot Lee Hazel

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები დერეკ დესპეინის ნამუშევრები

ფოტო: Eliot Lee Hazel

აშშ-ის იუტას შტატში მცხოვრები დერეკ დესპეინის ნამუშევრები

ფოტო: Eliot Lee Hazel

კომენტარები

ბოლო ამბები