Thumbnail

ნახეთ: ინდონეზიაში ვულკანი ლევოტოლო ამოიფრქვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ინდონეზიის სამხრეთ ნაწილში, ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტიდან 2,600 კილომეტრში მდებარე კუნძულ ლომბლენზე ლევოტოლოს სახელით ცნობილი ვულკანი ამოიფრქვა. მისი კრატერიდან ამოტყორცნილი კვამლისა და ფერფლის ღრუბელი ცაში 4 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ვულკანის გააქტიურებით გამოწვეული საფრთხის გამო აღმოსავლეთ ნუსა ტენგარას პროვინციის 26 სოფელში მცხოვრები 2,700-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა ადგილობრივმა აეროპორტმა. აიკრძალა კრატერთან 4 კილომეტრზე ახლო მანძილზე მიახლოება, რადგან სპეციალისტების ვარაუდით, მიმდებარე ტერიტორია მხუთავი კვამლით, მომწამვლელი აირითა და გავარვარებული ლავითაა დაფარული.

 

ჩვენი პლანეტის სეისმურად ყველაზე აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის ცეცხლოვან სარტყელში მდებარე ინდონეზიაში 130-მდე მოქმედი ვულკანია, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მიმდინარე წლის ნოემბერში ლევოტოლოს გარდა ლავა კუნძულ იავაზე განლაგებული ვულკან მერაპიდან და კუნძულ სუმატრაზე არსებული ვულკან სინაბუნგიდანაც ამოიფრქვა. 

მეცნიერებმა ვულკან ტოლბაჩიკის მიმდებარედ ახალი მინერალი აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ზონდის სრუტეში მდებარე ანაკ კრაკატაუს სახელით ცნობილი ვულკანის ამოფრქვევამ წყალქვეშ ქანების გადაადგილება და ცუნამის წარმოქმნა განაპირობა, რასაც ინდონეზიაში 400 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

ბოლო ამბები