Thumbnail

ნახეთ: უცნობი წარმომავლობის ობელისკი იუტას შემდეგ რუმინეთშიც აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრიტანელი მწერლის, ართურ კლარკის სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანში "2001: კოსმოსური ოდისეა" აღწერილი და რეჟისორ სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების კინოსურათში ნაჩვენები უცხოპლანეტური წარმომავლობის შავი ობელისკის მსგავსი ობიექტი, აშშ-ის იუტას შტატში მდებარე უდაბნოდან გაუჩინარების შემდეგ, ახლა უკვე რუმინეთში აღმოაჩინეს.

► ნახეთ: იუტას უდაბნოში უცნობი წარმომავლობის ობელისკი აღმოაჩინეს

ლითონის სვეტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულ ქალაქ პიატრა-ნიამცის ერთ-ერთ ბორცვზე, დაკების ტომის მიერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 82-დან 106 წლამდე დროის პერიოდში აგებული ციხესიმაგრის ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრში შენიშნეს. ისტორიული ძეგლის სიახლოვეს აღმოჩენილი ობელისკის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრია. მისი ერთი გვერდი რუმინეთის ყველაზე ცნობილ მთათა სისტემას, ჩაჰლეუს მასივისკენაა მიმართული, რომელსაც ადგილობრივები წმინდა მთის სახელით მოიხსენიებენ. ამ დროისთვის უცნობია, ვის შეიძლება დაედგა ობიექტი აღნიშნულ ტერიტორიაზე, რადგან ნიამცის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის  წარმომადგენელთა განცხადებით, ამისთვის შესაბამისი ნებართვაა საჭირო.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ ობელისკის უცნაური სტრუქტურის შესწავლა. ის კერძო საკუთრებაა, თუმცა მფლობელის ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. ობიექტი დაცულ ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ ზონაშია განლაგებული. მანამ იქ ვინმე რამეს დადგამს, ნებართვა ჩვენი სამსახურისგან უნდა მიიღოს, საბოლოო დასტურს კი კულტურის სამინისტრო გასცემს", - აცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლელი, როკსანა ჟოსანი.

რუმინეთში აღმოჩენილი ობელისკი

ფოტო: Stiri Piatra Neamt

რუმინეთში აღმოჩენილი ობელისკი

ფოტო: ziarpiatraneamt

რუმინეთში აღმოჩენილი ობელისკი

ფოტო: Stiri Piatra Neamt

რუმინეთში აღმოჩენილი ობელისკი

ფოტო: ziarpiatraneamt

ლითონისგან დამზადებული მართკუთხა სვეტი თავდაპირველად აშშ-ის იუტას შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უდაბნოში ველური ბუნების დაცვის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. კანიონის ცენტრში წითელ კლდეებს შორის განლაგებული, მიწაში მყარად მდგომი ობელისკი, რომლის სიმაღლეც 3-3.6 მეტრია, მათ მაშინ შენიშნეს, როცა შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მობინადრე კანადურ დიდრქიან ცხვრებს ითვლიდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ობელისკის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასაჯაროვებდა, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გავრცელებული ფოტოებისა და პროგრამა Google Earth-ის მეშვეობით მისი განსაზღვრა შეძლეს. მათ სვეტის ადგილზე დათვალიერება და სურათების გადაღებაც მოახერხეს. სატელიტური გამოსახულებების საარქივო მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ობელისკი ამ ადგილზე 2015 წლის აგვისტოსა და 2016 წლის ოქტომბერს შორის დროის პერიოდშია აღმართული. სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე შესაბამისი ნებართვის გარეშე რაიმეს დადგმა კანონდარღვევად მიიჩნევა, ამიტომ სამართალდამცველებს ობიექტის წარმომავლობის დადგენა დაევალა, თუმცა ობილისკი 27 ნოემბრის საღამოდან მოულოდნელად გაქრა, მის ადგილზე კი ვიზიტორებს მეტალის პატარა სამკუთხედი დახვდა.

► ნახეთ: იუტაში აღმოჩენილი ობელისკის ავტორი, შესაძლოა, ადგილობრივი ხელოვანი იყოს

იუტაში აღმოჩენილი უცნაური ობიექტის წარმომავლობის შესახებ არაერთი მოსაზრება გავრცელდა. ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ლითონის სვეტი იუტას შტატში, უდაბნოსთან ახლოს მცხოვრებ ხელოვანს, დერეკ დესპეინს უნდა ეკუთვნოდეს. ამის დასადასტურებლად მან 2014 წელს გადაღებული ფოტოსურათები გაავრცელა, სადაც ახალაღმოჩენილი ობელისკის მსგავსი ნაკეთობებია გამოსახული, მათ ავტორად კი სწორედ აღნიშნული პიროვნებაა მითითებული. სავარაუდოდ, ლითონის ობიექტი ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს გამოიყენეს, რის შემდეგაც მისი უდაბნოდან წამოღება დაავიწყდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები