Thumbnail

მთვარეზე დისტანციურად მართვადი მანქანების რბოლა 2021 წელს გაიმართება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული კომპანიის Moon Mark სპონსორობით შექმნილი საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მიერ მოფიქრებული დიზაინის მიხედვით დამზადებული დისტანციურად მართვადი მანქანების რბოლა მთვარეზე 2021 წელს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე ზომის ავტომობილების მოძრაობას დედამიწიდან სწორედ IX-XII კლასელი ახალგაზრდები გააკონტროლებენ.

NASA მთვარეზე ბირთვულ რეაქტორს განათავსებს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული შესარჩევი ტურის შემდეგ, 5 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში, მათ შორის, დრონებით რბოლასა და ვიდეოთამაშებში შეეჯიბრება. ორი გამარჯვებული კი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გასაშვებად განკუთვნილი, დისტანციურად მართვადი მანქანების შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. მათ ამაში ცნობილი ავტოდიზაინერი, ფრენკ სტივენსონი და კოლორადოს შტატში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის Lunar Outposts თანამშრომლები დაეხმარებიან.

2021 წელს, ისტორიაში პირველად, მთვარეზე მანქანების რბოლა გაიმართება. ფოტო: Moon Mark

წინასწარი მონაცემებით, ორივე მოდელს ერთმანეთის მსგავსი კონსტრუქცია ექნება. 2,5 კილოგრამი წონის მანქანები ელემენტებზე იმუშავებს, დედამიწიდან გაგზავნილი ბრძანებები კი მათ ვაიფაის მეშვეობით გადაეცემა. რაც შეეხება რბოლის მარშრუტს, მას ფორმულა 1-ის ავტოდრომების დიზაინერი, ჰერმან ტილკე სხვა სპეციალისტებთან ერთად დაგეგმავს.

კომპანია Nokia მთვარეზე 4G ქსელს განალაგებს

მანქანებს მთვარეზე დასაჯდომ მოდულში Nova-C მოათავსებენ, რომელიც ამერიკული კომპანიის Intuitive Machines მიერაა დამზადებული. ჩვენი პლანეტის თანამგზავრისკენ მის ფრენას SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 უზრუნველყოფს. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილ კოსმოსურ აპარატს მომდევნო წლის ოქტომბერში გაუშვებენ. მოდული შტორმების ოკეანის სახელით ცნობილ რეგიონში დაეშვება, თუმცა მისიის მთავარი მიზანი არა დისტანციურად მართვადი მანქანების მთვარეზე ჩატანა, არამედ იქ არსებული შროტერის ხეობის შესწავლა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები