Thumbnail

მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის ნოემბერი რეკორდულად ცხელი იყო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ევროკავშირის პროგრამის Copernicus ფარგლებში შექმნილ კლიმატის ცვლილების სამსახურში (C3S) მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის ნოემბერი რეკორდულად ცხელი იყო. მათ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის გასულ თვეში 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით საშუალოდ 0.1°C-ით, 1981-2010 წლებთან შედარებით კი 0.8°C-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

► მსოფლიოში ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა

2020 წლის ნოემბერში ტემპერატურამ განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპაში, ციმბირსა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მოიმატა. ჩვეულებრივზე მეტად ცხელოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ აფრიკაში, ტიბეტის მთიანეთში, აღმოსავლეთ ანტარქტიკასა და ავსტრალიის უდიდეს ნაწილში. ევროპისთვის რეკორდულად ცხელი იყო შემოდგომის დანარჩენი თვეებიც. საერთო ჯამში კი სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში კონტინენტზე დაფიქსირებული ტემპერატურა 1981-2010 წლების ამავე სეზონის მაჩვენებლებს საშუალოდ 1.9°C-ით აღემატება, 2006 წელთან შედარებით კი, რომელიც აქამდე ყველაზე ცხელი შემოდგომით გამოირჩეოდა, 0.4°C-ით მაღალია.

შემოდგომის საშუალო ტემპერატურის ცვალებადობის მაჩვენებელი ევროპაში წლების მიხედვით. ფოტო: C3S

არქტიკის რეგიონისა და ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილისთვის უჩვეულოდ ცხელი არა მხოლოდ შემოდგომა და ნოემბრის თვე, არამედ მთელი მიმდინარე წელი აღმოჩნდა. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის უკიდურესად მაღალი ტემპერატურით გამოირჩა ივნისი, ივლისი და აგვისტო. ამან არქტიკის ყინულის საფარის საგანგაშო დნობა გამოიწვია, რის გამოც გასულ სეზონზე მისმა მოცულობამ 2012 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. რეკორდული სიცხე, 54.4°C აგვისტოს თვეში სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე სიკვდილის ველის სახელით ცნობილ ეროვნულ ნაკრძალში აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ დამონტაჟებულმა თერმომეტრმაც აჩვენა.

► აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 54.4°C დაფიქსირდა

უკიდურესად მაღალი ტემპერატურა აღინიშნა 2020 წლის იანვარსა და მაისშიც. ამ თვეებში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საშუალოდ 0.03°C და 0.05°C-ით უფრო ცხელოდა. თებერვალსა და მარტში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა კი მხოლოდ 2016 წლის მაჩვენებლებს ჩამორჩა. სპეციალისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის ზრდის ტენდენცია დეკემბრის თვეშიც შენარჩუნდება, 2020 წელი, შესაძლოა, რეკორდულად ცხელი აღმოჩნდეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები