Thumbnail

ინდოელმა ფერმერმა მიწის დამუშავებისას 14.98-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მადჰია პრადეშის შტატში მცხოვრებმა ფერმერმა, ლაკან იადავმა მიწის დამუშავებისას 14.98-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა, რამაც 45 წლის მამაკაცის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ძვირფასი ქვა მან მოგვიანებით გამართულ აუქციონზე თითქმის 6 მილიონ რუპიად გაყიდა, რაც 80 ათას აშშ დოლარს აღემატება.

ინდონეზიელი მეკუბოე სახლში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მილიონერად აქცია

იღბლიანმა ფერმერმა ალმასს პანას ოლქში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიაკვლია, რომელიც მან იჯარით სულ რაღაც ერთი თვის წინ აიღო, თანაც საკმაოდ იაფად - 200 რუპიად. მამაკაცის თქმით, ამოთხრილ ქვა-ღორღში გარეული მინერალი მას თავდაპირველად ჩვეულებრივი კენჭი ეგონა, თუმცა მალევე მისი ბრწყინვალება შენიშნა და შესამოწმებლად ადგილობრივ ექსპერტთან წაიღო, რომელმაც იადავს სასიამოვნო ამბავი ახარა.

ინდოელი ფერმერი, ლაკან იადავი მის მიერ აღმოჩენილი ალმასით ხელში. ფოტო: News Beezer

"ძვირადღირებული ნივთების შეძენას არ ვგეგმავ. მე განათლება არ მაქვს მიღებული, ამიტომ ვაპირებ, ფული ბანკში გახსნილ ანაბარზე შევიტანო და ჩემი ოთხი შვილის სწავლას მოვახმარო", - განაცხადა ლაკან იადავმა, რომელმაც ნათესავების დაჟინებული თხოვნით შემდეგ, ალმასის გაყიდვის შედეგად აღებული თანხით თავისთვის მხოლოდ მოტოციკლი იყიდა.

ნახეთ: ბოტსვანაში 998-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს

მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ფერმერმა აღნიშნა, რომ იჯარით აღებულ ნაკვეთზე ალმასის პოვნის იმედი კიდევ აქვს, ამიტომ მომდევრო რამდენიმე თვეს მის ძიებას დაუთმობს. სავსებით შესაძლებელია, რომ ლაკანის მოლოდინი გამართლდეს, რადგან პანას ოლქი სასარგებლო წიაღისეულით საკმაოდ მდიდარია და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ძვირფასი ქვების აღმოჩენის ფაქტები იქ არცთუ იშვიათია.

კომენტარები

ბოლო ამბები