Thumbnail

ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეაჯახა, რათა ის ორბიტულ ნარჩენად არ ქცეულიყო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარის გრუნტის ნიმუშების მოსაპოვებლად გაშვებული ხომალდის ასაფრენი მოდული წარმატებით განხორციელებული მანევრის შემდეგ დედამიწის თანამგზავრს შეაჯახა, რათა მისი სახით ციური სხეულის გარშემო არსებულ ნარჩენებს ახალი ობიექტი არ დამატებოდა. აპარატმა დიდი როლი ითამაშა Chang'e 5-ის სახელით ცნობილ მისიაში, რომლის მიზანი მთვარის ზედაპირიდან აღებული მასალის ჩვენს პლანეტაზე ჩამოტანაა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ბოლო 44 წლის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება.

ევროპის კოსმოსური სააგენტო ორბიტიდან ნარჩენების მოშორების პროექტს დააფინანსებს

უკანასკნელი მონაცემებით, მხოლოდ დედამიწის ორბიტაზე 25 ათასზე მეტი ხელოვნური ობიექტი მოძრაობს, მათ შორის, რაკეტების საფეხურები, ექსპლუატაციიდან ამოღებული ზონდები და სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებიან და სატელიტებსა თუ კოსმოსურ ხომალდებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

"ეს ჩინეთის, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყნის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კაცობრიობის მხრიდან კოსმოსის მშვიდობიანად შესწავლასა და ათვისებას ემსახურება", - ვკითხულობთ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ხომალდთან დაკავშირებით ამგვარი გადაწყვეტილება სამომავლო მისიებისთვის ორბიტული ნარჩენებით გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

მთვარის ორბიტაზე განლაგებული ზონდისკენ მიმავალი ასაფრენი მოდული. ფოტო: CNSA

ასაფრენი მოდული ლენდერთან ერთად შტორმების ოკეანედ წოდებულ რეგიონში განლაგებული ვულკანური წარმოშობის რიუმკერის პიკის მახლობლად მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბერს დაეშვა. მალევე აპარატმა მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა დაიწყო და ციური სხეულის ზედაპირიდან პირველი ნიმუშები მოიპოვა, რის შემდეგაც მოდულმა ძრავა აამოქმედა და მთვარის ორბიტაზე მოძრავი ზონდისკენ დაიწყო სვლა, რომელსაც 5 დეკემბერს მიუერთდა. ხომალდმა სპეციალურ კაფსულაში გრუნტის გადატანა შეძლო და იქ კიდევ რამდენიმე საათი დაჰყო, მოგვიანებით კი ორბიტერს გამოეყო და ჩვენი პლანეტის თანამგზავრთან შესაჯახებლად გაემართა.

ნახეთ: იაპონურმა კაფსულამ დედამიწაზე ასტეროიდ რიუგუს ნიმუშები ჩამოიტანა

ზონდი ამჟამად ისევ მთვარის მახლობლადაა განლაგებული და შინ დასაბრუნებლად ხელსაყრელი ფანჯრის გახსნას ელის. ნიმუშებით სავსე კაფსულა დედამიწაზე, სავარაუდოდ, 16 ან 17 დეკემბერს დაეშვება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ციური სხეულის აღნიშნულ რეგიონში მოპოვებული მასალის შესწავლა მათ იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ როგორ ვითარდებოდა იქ ეროზიული პროცესები და რა კავშირშია ეს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის თანდათანობით გაციებასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები