Thumbnail

ნახეთ: ჰიტლერის ალიგატორის ფიტული მოსკოვის მუზეუმში გამოფინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმის ჩრდილოეთ ამერიკის ფაუნისადმი მიძღვნილ საგამოფენო დარბაზში სატურნის სახელით ცნობილი ალიგატორის ფიტული განათავსეს. 84 წლის რეპტილია, რომელიც ერთ დროს, ლეგენდის თანახმად, ნაცისტური გერმანიის მეთაურის, ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ცხოველი იყო, 22 მაისს მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა, სადაც ის 75 წლის განმავლობაში ბინადრობდა. აღსანიშნავია, რომ თავისი სახეობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ველურ ბუნებაში საშუალოდ 30-50 წლის ასაკამდე აღწევენ, სატურნმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა.

"ტაქსიდერმისტები 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ სატურნის ფიტულის შესაქმნელად, რომელიც მოსკოვის ზოოპარკმა ცხოველის სახელის უკვდავსაყოფად გვისახსოვრა. მუზეუმში განთავსებულ არც ერთ ექსპონატს არ აქვს ისეთი მდიდარი ბიოგრაფია, როგორიც მას. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის ზოოპარკის ნამდვილი ლეგენდა იყო, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში თავს უამრავი რამ გადახდა", - აცხადებს დარვინის მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დიმიტრი მილოსერდოვი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმში ჰიტლერის ალიგატორის ფიტული განათავსეს

ფოტო: დარვინის სახელმწიფო მუზეუმი

მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმში ჰიტლერის ალიგატორის ფიტული განათავსეს

ფოტო: დარვინის სახელმწიფო მუზეუმი

მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმში ჰიტლერის ალიგატორის ფიტული განათავსეს

ფოტო: დარვინის სახელმწიფო მუზეუმი

მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმში ჰიტლერის ალიგატორის ფიტული განათავსეს

ფოტო: დარვინის სახელმწიფო მუზეუმი

მოსკოვში მდებარე დარვინის სახელმწიფო მუზეუმში ჰიტლერის ალიგატორის ფიტული განათავსეს

ფოტო: დარვინის სახელმწიფო მუზეუმი

მსოფლიოში უხუცესი ალიგატორი 1936 წელს აშშ-ის მისისიპის შტატში დაიბადა, თუმცა ის მალევე შეიპყრეს და ბერლინის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უზრუნველად ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ის გამორჩეულად უყვარდა ადოლფ ჰიტლერს, რომელიც დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო. 1943 წელს მოკავშირეთა ავიაციის მიერ ქვეყნის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის დროს, ზოოპარკის 16 ათასი ბინადრიდან დაღუპვას მხოლოდ 96 გადაურჩა. მათ შორის იყო სატურნიც, რომელიც დაბომბვის დროს დანგრეული აკვარიუმიდან გაპარვა მოახერხა და სამი წლით გაუჩინარდა.

ნახეთ: ავსტრალიის ტურისტულ ზონაში უზარმაზარი ნიანგი დაიჭირეს

მიმალვაში მყოფი ალიგატორი 1946 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მდებარე ქალაქ ლაიპციგში წითელ არმიას გადასცეს. ამავე წელს ის რუსეთში ჩაიყვანეს და მოსკოვის ზოოპარკში მოათავსეს. იქ იმ დროს მხოლოდ ორი ნიანგი ბინადრობდა, რამაც 3.5 მეტრი სიგრძისა და 200 კილოგრამი წონის რეპტილიის მიმართ საყოველთაო ინტერესი განაპირობა.

გერმანიიდან ჩამოყვანილ ალიგატორს მოსკოვის ზოოპარკის ვიზიტორებმა "ჰიტლერი" შეარქვეს, თუმცა მოგვიანებით მას გაცილებით კეთილხმოვანი სახელი "სატურნი" შეურჩიეს. ის მშვიდი ხასიათის ცხოველი იყო, იშვიათ შემთხვევებში კი უკმაყოფილებას საკვების მისაწოდებლისა და ვოლიერის დეკორაციების ღრღნით გამოხატავდა. როგორც დაწესებულების საპატიო ბინადარს, სატურნს კვების რაციონი მისი სურვილისამებრ შეურჩიეს. რეპტილია კვირაში ორჯერ თევზით, კურდღლებითა და ვირთხებით იკვებებოდა. მას საყვარელი მომვლელებიც ჰყავდა, რომლებსაც მარტივად ცნობდა და ჯაგრისით მასაჟის გაკეთების უფლებასაც აძლევდა.

ლეგენდის თანახმად, ალიგატორი სახელად სატურნი ადოლფ ჰიტლერის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა.

ლეგენდარულ ალიგატორს ცხოვრების ორი თანამგზავრი ჰყავდა. პირველი, სახელად შიპკა, მოსკოვის ზოოპარკს 1950 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. ის სატურნზე 13 წლით უმცროსი იყო, თუმცა სიცოცხლე მასზე ბევრად ადრე დაასრულა. რეპტილიამ მისი სიკვდილი ისე განიცადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარს ამბობდა. რაც შეეხება მეორე ცოლს, ის სატურნს 2005 წელს ჩამოუყვანეს.

ნახეთ: მამაკაცმა თავისი ძაღლი ალიგატორისგან იხსნა

სატურნი მოსკოვის ზოოპარკში სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. 1980-იან წლებში მისი აკვარიუმის თავზე ჭერი ჩამოიქცა, თუმცა თავშესაფარში მყოფ ალიგატორს ბეტონის ნამტვრევები არ მოხვედრია. შემდეგ მთვრალმა დამთვალიერებელმა გასაღვიძებლად თავში ქვა ესროლა და იმდენად სერიოზულად დააზიანა, რომ ვეტერინარები მისი სიცოცხლის გადასარჩენად სამი თვე იბრძოდნენ. მოგვიანებით კი რეპტილია ტურისტთა ჯგუფის მიერ ნასროლი შუშის ბოთლებით დაიჭრა. 1990-იან წლებში მას ახალი აკვარიუმი აუშენეს, თუმცა სატურნმა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა გააპროტესტა და ოთხთვიანი შიმშილობა გამოაცხადა.

 

თვითმხილველები იხსენებენ, რომ 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის დროს, როცა მოსკოვის ქუჩებში ტანკები გამოჩნდნენ და მათი გადაადგილებით გამოწვეულმა ვიბრაციამ ზოოპარკამდეც მიაღწია, სატურნი ტიროდა. შესაძლოა, ხმაურმა ალიგატორს ბერლინისთვის ბრძოლის პერიპეტიები გაახსენა. 2015 წლიდან კი რეპტილიის სპონსორი სამოსის მწარმოებელი ფრანგული კომპანია Lacoste გახდა, რომლის ემბლემაზეც ნიანგია გამოსახული.

დარვინის სახელმწიფო მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები არ შეიცვლება, სატურნის ფიტულის ხილვას დაწესებულების დამთვალიერებლები 2021 წლის 16 იანვრიდან შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები