Thumbnail

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც იტყობინება, რომ 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ზე მეტით გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სათბურის აირების ემისიის შემცირება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს აღინიშნა, მოსალოდნელ დათბობაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მახდენს.

მეცნიერთა განცხადებით, 2020 წლის ნოემბერი რეკორდულად ცხელი იყო

გაეროს მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის ჰაერში ნახშირბადის ოდენობა, წინა წელთან შედარებით, ჯამში 7 პროცენტით შემცირდება, რაც ქვეყნების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის გამო ფრენებისა თუ საწარმოო პროცესების შეჩერების დამსახურებაა. თუმცა, ამ ყველაფრის შედეგად, 2050 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე სულ რაღაც 0,01°C-ით ნაკლები სითბო დაფიქსირდება. ორგანიზაციის განცხადებით, გამონაბოლქვის დონემ ყოველწლიურად 7,6 პროცენტით უნდა დაიკლოს, რათა შესრულდეს პარიზის შეთანხმება, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების შეზღუდვა, მოსახლეობისა და საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ტრადიციული საწვავის გარემოსთვის უსაფრთხო ნივთიერებით ან ალტერნატიული ტექნოლოგიით ჩანაცვლება და განადგურებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობაა საჭირო. პარიზის შეთანხმების მონაწილე მხარეებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც უნდა განახორციელონ, რომელთა შედეგადაც 2030 წლისთვის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია 25 პროცენტით შემცირდება.

მსოფლიოში ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა

იმ შემთხვევაში, თუ დასახული გეგმის შესრულებას ვერ შევძლებთ, საუკუნის ბოლოს დედამიწაზე მოსალოდნელი სიცხე გვალვებს, შტორმებს, მოსავლის განადგურებასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს, რის გამოც ასობით მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. ამის თავიდან ასაცილებლად, გაერო თავის წევრ სახელმწიფოებს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

ბოლო ამბები