Thumbnail

იაპონიაში ასტეროიდ რიუგუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე კაფსულა გახსნეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) მისიის Hayabusa2 ფარგლებში დაახლოებით 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდ რიუგუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე კაფსულა გახსნა. სპეციალისტების განცხადებით, 40 სანტიმეტრამდე გარშემოწერილობის მქონე კონტეინერში კვლევებისთვის საკმარისი რაოდენობის შავი ფერის გრუნტი და აირის ნაწილაკები აღმოაჩინეს, რაც ადასტურებს იმას, რომ მისიაში მონაწილე ხომალდმა ისტორიულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.

ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული ნიმუშები დედამიწაზე გასაგზავნად კაფსულაში მოათავსეს

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან დაიწყება მოპოვებული მასალის დეტალურად შესწავლა, თუმცა, როგორც ცნობილია, იაპონიის კოსმოსური სააგენტო 2021 წლის ბოლოსთვის რიუგუზე შეგროვებულ ნიმუშებს გამოსაკვლევად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მეცნიერთა ექვს ჯგუფს გაუზიარებს.

სურათზე ასტეროიდ რიუგუდან აღებული ნიმუშებია ნაჩვენები. ფოტო: JAXA 

იაპონური ხომალდი ტანეგასიმას კოსმოსური ცენტრიდან რაკეტით H-IIA 2014 წლის 3 დეკემბერს აფრინდა. აპარატმა ასტეროიდამდე 2018 წლის ივნისში მიაღწია და მისი შესწავლა დაიწყო. ობიექტის ზედაპირიდან პირველი ნიმუშები მან 2019 წლის თებერვალში აიღო, აპრილში კი ასაფეთქებელი ნივთიერების დახმარებით ციურ სხეულზე 10 მეტრი სიგანის კრატერი წარმოქმნა, საიდანაც გრუნტის ქვეშ არსებული ქვა-ღორღი მოიპოვა. წარმატებული მანევრების შემდეგ, ზონდი დედამიწისკენ გამოემართა, რომელთან მოახლოებისას მოდულს კაფსულა გამოეყო, ატმოსფეროში შემოვიდა და სამხრეთ ავსტრალიაში მდებარე ქალაქ ვუმერაში, ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ კონტროლირებად ზონაში უსაფრთხოდ დაეშვა.

კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებს კაფსულის მოძებნაში მასზე დამონტაჟებული რადიოშუქურა დაეხმარა. მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განთავსებული პელენგატორების, ვერტმფრენისა და დრონის მეშვეობით კონტეინერი მალევე აღმოაჩინეს. მისიის მიზანი 100 მილიგრამზე მეტი მასალის მოპოვება იყო. მეცნიერთა განცხადებით, ნიმუშების შესწავლა ჩვენი მზის სისტემის ფორმირების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, რადგან რიუგუსმაგვარი ციური სხეულები აქ უკვე 4,6 მილიარდი წელია მოძრაობენ და თითქმის იმავე მატერიისგან შედგებიან, რომლისგანაც დედამიწა და მისი მეზობელი პლანეტები წარმოიქმნა.

ნახეთ: ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა მთვარეზე გრუნტის ნიმუშები შეაგროვა

აღსანიშნავია, რომ მისია Hayabusa2 ამით არ დამთავრებულა. 2026 წელს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს 2001 CC21 ეწვევა, 2031 წელს კი კიდევ ერთ ობიექტს 1998 KY26 გამოიკვლევს. ამის გარდა, ახლო მომავალში დედამიწაზე ასტეროიდ ბენუდან აღებულ მასალას NASA-ს ხომალდი OSIRIS-Rex, მთვარის ნიმუშებს კი ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ზონდი Chang'e 5 ჩამოიტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები