Thumbnail

ნახეთ: კუნძულ ჰავაიზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ჰალემაუმაუს სახელით ცნობილი კრატერიდან ამოტყორცნილი ლავა ჰაერში 50 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა. ამოფრქვევიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრაც დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში ზღვის დონიდან 1247 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კილაუეადან ლავის ამოფრქვევა საკმაოდ მცირე დრო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის მიზეზად სპეციალისტები გავარვარებული მასის ვულკანის კრატერში დაგუბებულ წყალთან ურთიერთქმედებას ასახელებენ, რის შედეგადაც იქ არსებული ჰალემაუმაუს ტბა მთლიანად დაშრა, წარმოქმნილი ორთქლის ღრუბლი კი ცაში 9 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

 

წყნარ ოკეანეში მდებარე კილაუეა, რომელიც 200 ათასზე მეტი წლის წინ წარმოიქმნა, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1823 წლის შემდეგ ის 60-ზე მეტჯერ ამოიფრქვა, 1983-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში კი მისი აქტივობა თითქმის უწყვეტად გრძელდებოდა. ამოფრქვევის თანმხლებმა ძლიერმა მიწისძვრებმა კუნძულს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მაგალითისთვის, 1990 წელს ლავამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ქალაქები კალაპანა და კაიმუ.

ნახეთ: ინდონეზიაში ვულკანი ლევოტოლო ამოიფრქვა

ამ შემთხვევამდე კილაუეა უკანასკნელად 2018 წლის მაისში ამოიფრქვა, რასაც 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. მომხდარის შედეგად 700-ზე მეტი სახლი დაზიანდა, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საცხოვრებელი ადგილი დაახლოებით 2 ათასმა ადამიანმა დატოვა. რამდენიმე თვით დაიკეტა ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკიც. კილაუეამ აქტივობა მხოლოდ წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში შეწყვიტა, რის შემდეგაც მის კრატერში 50 მეტრი სიღრმის ტბა წარმოიქმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები