Thumbnail

ნახეთ: Boston Dynamics-ის რობოტები ახალ წელს ცეკვით გვილოცავენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Boston Dynamics ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ შექმნილი რობოტები ახალ წელს ჯგუფის The Contours სიმღერაზე Do You Love Me შესრულებული ორიგინალური ცეკვით გვილოცავენ. მოწყობილობების შთამბეჭდავი მოძრაობების ამსახველმა კადრებმა ინტერნეტსივრცეში მომხმარებელთა ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნახეთ: ტოკიოს სტადიონზე გულშემატკივრები რობოტებით ჩაანაცვლეს

ვიდეოში საკუთარი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები Boston Dynamics-ის მიერ წარმოებულმა თითქმის ყველა რობოტმა გამოავლინა. მათ შორისაა ჰუმანოიდი რობოტი, სახელად Atlas, რომელიც ძალზე სწრაფია და წონასწორობის კარგი უნარით გამოირჩევა, სხვადასხვა სიმძიმის ნივთების გადაზიდვაც შეუძლია და რთულ რელიეფზეც ადვილად გადაადგილდება. ის სივრცეს იდეალურად აღიქვამს, რის გამოც არც დაბრკოლებების გადალახვა, ხტომა და კიბეზე ასვლა უჭირს. აღსანიშნავია რობოტი ძაღლი Spot-იც, რომელიც დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფისა და გამართული მექანიკის წყალობით, რთულ და სახიფათო დავალებებს ასრულებს. მათ გვერდს კიდევ ერთი მანქანა - Handle უმშვენებდა. ამ უკანასკნელმა სახელი სიძლიერით გაითქვა, რადგან მისთვის მძიმე წონის აწევა და საწყობებში ყუთების გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს.

 

"ჩვენი მთელი გუნდი შეიკრიბა, რომ მომდევნო წლის დასაწყისი აღენიშნა, რომელიც, იმედია, უფრო ბედნიერი იქნება. Boston Dynamics ახალ წელს გილოცავთ" , - ვკითხულობთ კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ეს Boston Dynamics-ის რობოტების პირველი ცეკვა არაა. კომპანიამ მსგავსი ვიდეო 2018 წელსაც გაავრცელა, თუმცა მაშინ საზოგადოების წინაშე მხოლოდ Spot წარსდგა, რომელიც მარკ რონსონის პოპულარული კომპოზიციის Uptown Funk რიტმს მოქნილი ილეთებით აჰყვა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის დანარჩენი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისთვისა და ცალკეული ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი, Spot-ის შეძენა მსურველებს 74,500 აშშ დოლარად უკვე შეუძლიათ.

NASA მარსზე რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს

Boston Dynamics ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ სულ ახლახან მას შემდეგ მოექცა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Hyundai შეისყიდა. იაპონურ კორპორაციასთან SoftBank Group გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, მან კომპანიის აქციების 80 პროცენტი 1,1 მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები