Thumbnail

ჰარვარდის პროფესორის განცხადებით, უცხოპლანეტელები 2017 წელს გვეწვივნენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტონომიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ავი ლიობის განცხადებით, ოუმუამუას სახელით ცნობილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას 2017 წელს ეწვია, არამიწიერი არსებების მიერ შექმნილი ტექნოლოგიის ნიმუშია. ამის შესახებ მეცნიერი საკუთარ წიგნში "უცხოპლანეტელები: გონიერი ცივილიზაციის პირველი ნიშანი დედამიწის მიღმა" საუბრობს, რომელიც მიმდინარე წლის 26 იანვარს გამოქვეყნდება.

მეცნიერებმა 10 მილიონ ვარსკვლავურ სისტემაში უცხო ცივილიზაციის კვალს ვერ მიაგნეს

კოსმოსური ობიექტი, რომლის წარმომავლობის საკითხიც მეცნიერთა შორის დღემდე დავის საგნად რჩება, ასტრონომებმა ჰავაის კუნძულებზე განლაგებული ტელესკოპების Pan-STARRS საშუალებით 2017 წლის 19 ოქტომბერს აღმოაჩინეს, როდესაც ის ჩვენი პლანეტიდან 33 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. სახელწოდება "ოუმუამუა" ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე "მზვერავს" ნიშნავს. თავდაპირველად ის კომეტად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით ჰიპერბოლური ასტეროიდის კლასიფიკაცია მიანიჭეს. მკვლევართა ვარაუდით, ობიექტი მზის სისტემისკენ ქნარის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ვეგას მიმდებარე სივრციდან გამოემართა, 2017 წლის 9 სექტემბერს კი ჩვენს მნათობს მიუახლოვდა. ამავე თვის ბოლოს ობიექტმა დაახლოებით 95 ათასი კმ/სთ სიჩქარით პლანეტა ვენერას, 2 ოქტომბერს კი დედამიწას ჩაუარა, გეზი პეგასის თანავარსკვლავედისკენ აიღო და გაუჩინარდა. ასტრონომები ოუმუამუას 11 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა მისთვის მაღალი გარჩევადობის სურათის გადაღება ვერ მოხერხდა.

ტელესკოპებით დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა. ფოტო: ESO

თავის ახალ წიგნში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა კოლეგების მოსაზრებებისგან განსხვავებული ვარაუდი გამოთქვა და ოუმუამუა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას დაუკავშირა. საკუთარ შეხედულებას აბი ლიობი რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. ობიექტი თავისივე სიგანესთან შედარებით 5-10-ჯერ უფრო გრძელია მაშინ, როდესაც აქამდე აღმოჩენილ არცერთ ბუნებრივად წარმოქმნილ კოსმოსურ სხეულს მსგავსი ფორმა არ ჰქონია. ამის გარდა, ეს უკანასკნელი მზის სისტემის ასტეროიდებთან და კომეტებთან შედარებით 10-ჯერ კაშკაშა იყო, რაც იწვევს ეჭვს, რომ ის მბზინავი ლითონისგანაა დამზადებული.

უცხოპლანეტური წარმომავლობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანი, პროფესორის აზრით, ოუმუამუას მოძრაობის თავისებურებაა. მზესთან მიახლოებისას, ტემპერატურის მატებასთან ერთად, კომეტაზე არსებული, ერთ დროს გაყინული აირები თავისუფლდება და ციურ სხეულზე რაკეტის ძრავის მსგავსად ზემოქმედებს, რაც მის აჩქარებას იწვევს, გადაადგილებისას გამოყოფილი ნივთიერება კი სივრცეში კვალს ტოვებს. ვარსკვლავისგან დისტანცირებასთან ერთად კი, კომეტის სვლაც თანდათან ნელდება. აბი ლიობის თქმით, ოუმუამუას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მზესთან დაშორების შემდეგ ის უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც აჩქარდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ობიექტზე გრავიტაციის გარდა, სხვა ძალაც მოქმედებდა. ამასთანავე, დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა ვერც ოუმუამუას მიერ დატოვებული მტვრის ან აირის კვალი აღმოაჩინეს.

ამერიკელი ასტრონომის განცხადებით, უცხოპლანეტელებს 2036 წლისთვის აღმოვაჩენთ

ავი ლიობი განმარტავს, რომ ჩვენს განკარგულებაში დღეს არსებული ხელსაწყოები ასეთი სახის კოსმოსურ ობიექტებზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას არ იძლევა. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება ოუმუამუას მსგავსი კიდევ ბევრი ობიექტის აღმოჩენისა და შესწავლის შესაძლებლობას გააჩენს, რაც სამყაროში ჩვენი ცივილიზაციის კუთვნილი ადგილის განსაზღვრაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები