Thumbnail

ნახეთ: აფრიკაში ჯუჯა ჟირაფები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მეცნიერებმა უგანდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მურჩისონ-ფოლსის ეროვნულ ნაკრძალსა და ნამიბიის ველურ ბუნებაში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ორი ჯუჯა ჟირაფი აღმოაჩინეს. ნაშრომი, რომელშიც ამ ძუძუმწოვართა სხეულის არაკანონზომიერი განვითარების შესახებ მათი ვარაუდებია გამოთქმული, გამოცემაში BMC Research Notes გამოქვეყნდა.

ნახეთ: ავსტრალიის ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი ბინადრობს

აფრიკის ზემოხსენებულ ქვეყნებში შეგროვებულ ფოტომასალის საფუძველზე ჟირაფების პოპულაციის შესწავლისას მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ორ ინდივიდს აღნიშნული სახეობის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით მოკლე ფეხები ჰქონდა. ცნობილია, რომ ჟირაფები ზრდა-განვითარებას 3-დან 6-წლამდე ასაკში წყვეტენ. ნამიბიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ცხოველი კი, სავარაუდოდ, 2014 წელსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკვე ზრდასრულ ძუძუმწოვართა მსგავსი ზომის კიდურები უნდა ჰქონდეს. სპეციალისტების აზრით, ანომალია, შესაძლოა, ჩონჩხის დისპლაზიის სახელით ცნობილ დაავადებასთან იყოს დაკავშირებული, რა დროსაც ძვლების ფორმირებისა და განვითარების პროცესი ირღვევა.

ნამიბიის ველურ ბუნებაში აღმოჩენილი ჯუჯა ჟირაფი

ფოტო: Michael B Brown

უგანდაში მდებარე მურჩისონ-ფოლსის ეროვნულ ნაკრძალში დაფიქსირებული ჯუჯა ჟირაფი

ფოტო: Michael B Brown

იქიდან გამომდინარე, რომ ველურ გარემოში მობინადრე ცხოველებზე დაკვირვება საკმაოდ რთულია, საკუთარი აღმოჩენის დასადასტურებლად მეცნიერებმა ფოტოგრამმეტრიის მეთოდს მიმართეს, რომელსაც წარმატებით იყენებენ სპილოებისა და სხვა დიდი ზომის ძუძუმწოვრების შემთხვევაში. აღნიშნული ტექნიკა ფოტოგრაფიული გამოსახულების ანალიზის შედეგად საგნებისა თუ სხვადასხვა ობიექტების რეალური სიდიდის განსაზღვრას ითვალისწინებს. მასალის შესწავლისას სპეციალისტებმა უგანდაში დაფიქსირებული ჟირაფის ფალანგის ძვლების სიგრძეში, რომელიც 21,2 სანტიმეტრს შეადგენს, ნორმიდან გადახრა ვერ შენიშნეს, თუმცა ნამიბიაში ნაპოვნ ინდივიდს ფეხის ეს მონაკვეთი შესამჩნევად მოკლე, 15,8 სანტიმეტრი აღმოაჩნდა. რაც შეეხება კიდურის დანარჩენ ნაწილებს, ისინი ორივე ცხოველის შემთხვევაში ჩვეულებრივზე მცირე ზომისაა.

აღსანიშნავია, რომ უგანდაში მობინადრე ჟირაფის კისრის სიგრძე 1,5 მეტრს შეადგენს, რაც ამ სახეობის მოზარდ ძუძუმწოვრებთან შედარებით 0,1 მეტრით გრძელია, რაც შეეხება ნამიბიაში აღმოჩენილ ცხოველს, მას სხეულის ეს ნაწილიც გაცილებით მოკლე აქვს. სპეციალისტების ვარაუდით, დაავადება, რომელიც ძვლების ზრდისა და ფორმირების პროცესის არაკანონზომიერ განვითარებას იწვევს, შესაძლოა, გენეტიკურ დარღვევას უკავშირდებოდეს. მათი განცხადებით, ჯუჯა ჟირაფები ველურ ბუნებაში, ისევე, როგორც ზოოპარკებში აქამდე არასდროს შეუნიშნავთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული დასადგენია, რამდენად ხშირია მსგავსი ანომალია ჩვენი პლანეტის ფაუნის ამ წარმომადგენელთა შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები