Thumbnail

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთში არ შეუშვეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ქალაქ უხანში კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად გაგზავნილი მეცნიერები ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩინეთში არ შეუშვეს. ამის შესახებ თავად გაერთიანებული ერების სპეციალიზებული სააგენტო იტყობინება, რომელიც აღნიშნული ვიზიტის განსახორციელებლად მეორე მხარესთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.

ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევების გამოქვეყნება შეზღუდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათკაციანი დელეგაციის ორ წევრს საკუთარი ქვეყნის საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ მათი სახელმწიფოში შესვლისთვის საჭირო ნებართვა არ გასცა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მკვლევარი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, მეორე კი ჯერჯერობით გზაში იმყოფება. რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ შექმნილი ვითარების შესახებ მალევე შეიტყვეს და გაურკვეველი სიტუაციის თავიდან არიდება დროულად შეძლეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი.

"მომხდარის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩინეთში ოფიციალურ პირებს უკვე დავუკავშირდი და კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ ეს მისია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მეცნიერთა საერთაშორისო გუნდისთვის პრიორიტეტულია", - განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნორვეგიელი მეცნიერის მტკიცებით, კორონავირუსი ლაბორატორიაში დაამზადეს

ორგანიზაციის წარმომადგენლები შექმნილ პრობლემას ბიუროკრატიულ გაუგებრობად მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ ჩინეთი მას შეძლებისდაგვარად მალე მოაგვარებს, რათა სპეციალისტებს იქ ჩასვლისა და პანდემიის გამომწვევი ვირუსის წარმომავლობის შესწავლის საშუალება უმოკლეს ვადაში მიეცეთ. გებრეისუსის თქმით, მისი უცხოელი კოლეგები დელეგაციის მისაღებად საჭირო პროცედურების დაჩქარებას ცდილობენ.

მკვლევართა აზრით, იმის გაგება, თუ საიდან და როგორ მოხვდა კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში, კიდევ ერთი პანდემიის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, მაგრამ ამისთვის მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი. მართალია, ჩინეთი მზაობას გამოთქვამს, მაგრამ აქამდე ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ინფიცირებულთა რაოდენობის გაყალბებისა და ინფექციის რეალური წარმოშობის მიზეზების დამალვის შესახებ არაერთი ბრალდება გაჟღერებულა, რომლებსაც ეს სახელმწიფო დღემდე უარყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები